სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას (FAO) შორის 2026-2030 წლებისთვის ქვეყნის პროგრამული ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა და FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ მოაწერეს - ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დოკუმენტი ხუთი წლის განმავლობაში აგროსასურსათო სექტორის ხელშეწყობაში FAO-ს ჩართულობას განსაზღვრავს და სრულად შეესაბამება საქართველოს ეროვნული განვითარების პრიორიტეტებსა და გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (UNSDCF).
„ეროვნულ და საერთაშორისო დაინტერესებულ მხარეებთან მრავალმხრივი კონსულტაციების შედეგად შემუშავებული დოკუმენტი ასახავს სტრატეგიულ ხედვას საქართველოს აგროსასურსათო სისტემების უფრო კონკურენტუნარიან, ინკლუზიურ და კლიმატის მიმართ მედეგ სექტორად გარდასაქმნელად და აძლიერებს გაეროს კოორდინირებულ მხარდაჭერას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ქვეყნის პროგრამული ჩარჩოს (CPF) მეშვეობით, FAO მწვანე და ინკლუზიური განვითარების ხელშესაწყობად, ტექნიკურ ექსპერტიზას, პოლიტიკის მხარდაჭერასა და ტექნიკურ დახმარებას უზრუნველყოფს.
„გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) ჩვენ მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს. მტკიცე პარტნიორობით განხორციელდა და ამ ეტაპზეც მიმდინარეობს არაერთი პროექტი, რომელთა მიზანიც აგროსექტორის მაღალი სტანდარტით განვითარების ხელშეწყობაა. ქვეყნის პროგრამულ ჩარჩო ხელშეკრულებაზე (CPF) ხელმოწერით ვადასტურებთ მზაობას უფრო კონკურენტუნარიანი და ინკლუზიური აგროსასურსათო სისტემის შესაქმნელად, რომელსაც ხელშესახები სარგებელი მოაქვს ჩვენი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
FAO-ს წარმომადგენელმა რაიმუნდ იელემ ხაზი გაუსვა ორგანიზაციის როლს ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერებასა და ინკლუზიური მიდგომების პოპულარიზაციაში.
„პროგრამული ჩარჩო ხელშეკრულება (CPF, 2026-2030) შეთანხმების ის ფორმაა, რომელიც ეფუძნება საერთო პრიორიტეტებს და მიზნად ისახავს გლობალური ექსპერტიზის გამოყენებას ქალაქსა და სოფელს შორის არსებული სხვაობის აღმოსაფხვრელად, ქალებისა და ახალგაზრდების გასაძლიერებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი მზად იყოს კლიმატის ცვლილების გამოწვევებისთვის“, - განაცხადა რაიმუნდ იელემ.
„მოხარული ვარ, სამინისტროსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას შორის ქვეყნის პროგრამულ ჩარჩო ხელშეკრულების ხელმოწერით. ეს დოკუმენტი ემსახურება ქვეყანაში აგროსასურსათო სისტემების განვითარების, სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი კონტრიბუციის განხორციელებას, ასევე ეროვნულად განსაზღვრული წვლილის (NDC) ფარგლებში, სათბურის აირების ემისიების შემცირებას. ვულოცავ ორივე მხარეს მნიშვნელოვანი დოკუმენტის ხელმოწერას“, - განაცხადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, დიდიე ტღებიუკმა.
ქვეყნის პროგრამული ჩარჩო ხელშეკრულება (CPF, 2026-2030 წლები) ქმედითი გზამკვლევია, განვითარების ხარვეზების აღმოსაფხვრელად, იყოს მწვანე ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის ასამაღლებლად.




























