მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვაგრძელებთ აქტივობას, რომელიც ხელს უწყობს ტურისტული ნაკადების და შემოსავლების ზრდას - ქვრივიშვილი

6324302684e78
BM.GE
16.09.22 12:09
477
ბოლო რვა თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2,141,568,321 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 94.6% აღდგენაა. 2021 წლის იანვარი-აგვისტოს თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 204.3 პროცენტით აშშ დოლარით. ამასთან, სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის აგვისტოს თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა, უკვე მეორედ პანდემიის შემდეგ, გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. აგვისტოს თვეში 522,945,221 აშშ. დოლარი შეადგინა, 2021 წლის აგვისტოს თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 324,158,964 (+163.1%) აშშ დოლარით.

სტატისტიკურ მონაცემებს ეხმაურება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, რომლის თქმით, სასიხარულოა, რომ ტურიზმის ინდუსტრია განაგრძობს დადებითი დინამიკით განვითარებას და აღდგენას.

„აგვისტოში ჩვენ გვაქვს საამაყო შედეგი. ჩვენ არა მხოლოდ სრულად აღვადგინეთ 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებელი, არამედ ის დაახლოებით 30 %-მდე გავაუმჯობესეთ. ასევე სასიხარულოა, რომ იანვარი - აგვისტოს მონაცემებით ჩვენმა ქვეყანამ ტურიზმის ინდუსტრიიდან მიიღო 2,1 მლრდ დოლარი,“ - განაცხადა ქვრივიშვილმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ტურიზმის შემოსავლების სტატისტიკაში ქვეყნების წილი უფრო მეტად დივერსიფიცირებულია.

„ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნების წილი, როგორიცაა ევროკავშირის და ყურის სახელმწიფოები და ისრაელი. ჩვენ განვაგრძობთ ყველა იმ აქტივობას, რომელიც ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში ტურისტული ნაკადების და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდას,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

გარდა ამისა, როგორც bm.ge-ს ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ქვრივიშვილი საქმიანი ტურიზმის ინდუსტრიის უდიდესი ფორუმების გაერთიანების m&i Forum - ის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს მოწვევით იმყოფებიან.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მ.შ. მედეა ჯანიაშვილი და საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს უფროსი ლევან ჯაფარიძე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენის პროცესი სწრაფად მიმდინარეობს. ამის მიუხედავად, მთავრობა, ტურისტულ ინდუსტრიასთან თანამშრომლობით, აქტიურად მუშაობს როგორც ახალ პოტენციურ ბაზრებზე გასასვლელად, ასევე ახალი ტურისტული პროდუქტების შესათავაზებლად. ამ მხრივ, საქმიანი ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტია.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა m&i Forum - ის 2023 წელს ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების შესაძლებლობაზე.

„საქმიანი ტურიზმი ჩვენი ტურისტული ინდუსტრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც უზრუნველყოფს ყველაზე მაღალ მხარჯვეულნარიანი ტურისტების შემოდინებას ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ამიტომ ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მსოფლიოში ყველაზე გავლენიან საქმიანი ტურიზმის ფორუმების m&i Forum - ის ორგანიზატორებთან, რათა მათი წლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა 2023 წელს იყოს საქართველო. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან საქართველოს ესტუმრება 100 - მდე გავლენიანი ღონისძიების ორგანიზატორი, რომლებიც შეხვდებიან ადგილობრივ კერძო სექტორს, მოინახულებენ ჩვენს ტურისტულ ინფრასტრუქტურას. შედეგად, მოველით, რომ ჩვენი ქვეყანა უმასპინძლებს არაერთ საერთაშორისო დონის ღონისძიებას, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება საქართველოს პოპულარიზაციასა და ეკონომიკის გაძლიერებაზე,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

m&i Forum - ის წარმომადგენლები უკვე გაეცნენ საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს. მათი შეფასებით, ქვეყანას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, წარმატებით უმასპინძლოს მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმებსა და კონფერენციებს.

ვიზიტის ფარგლებში m&i Forum წარმომადგენლებმა თბილისში საგამოფენო სივრცეები და სასტუმროები დაათვალიერეს. ამის შემდეგ, m&i Forum - ი შეაფასებს, რამდენადაა მზად საქართველო, უმასპინძლოს მასშტაბურ ღონისძიებებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები