მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვაგრძელებთ ინვესტიციებს... ჩვენი სტრატეგია გაყიდვების რაოდენობაზეა ორიენტირებული" – "ქონექთი"

ქონექთი

ნავთობიმპორტიორი და რეალიზატორი კომპანია „ქონექთი“ ქსელის და ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ინვესტირებას აგრძელებს და სტრატეგიას გაყიდვების რაოდენობრივ მაჩვენებლებზე აწყობს. ამის შესახებ კომპანიის დირექტორის მოადგილე ჯემალ ონიანმა „ფასების საპარლამენტო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, კომპანია ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს და ქსელს ბოლო ოთხი წლის მანძილზე აქტიურად ავითარებს. დღეისთვის „ქონექთის“ ბრენდით ქვეყანაში 140 გასამართი სადგურია.

„ვაგრძელებთ ინვესტიციებს... ვაგრძელებთ ქსელის განვითარებას, როგორც ინფრასტრუქტურის, ისე მოწოდების ჯაჭვის მიმართულებით.

ამ შემთხვევაში ჩვენც იგივე გამოწვევების წინაშე ვდგავართ, როგორც სხვა კომპანიები. შესყიდვებს ვახორციელებთ სხვადასხვა მომწოდებლებისგან. გვაქვს „პლატსზე“ დამოკიდებული კონტრაქტები, რომლებიც „პლატსზე“ არსებული საშუალო ფასიდან გამომდინარე ითვლება.

ბოლო პერიოდში ჩვენი მოგება მიმართულია რეინვესტირებაზე და მთლიანად ქსელის განვითარებაზე.

სტრატეგია გაყიდვების რაოდენობაზეა ორიენტირებული ანუ აქცენტს ბრუნვაზე ვაკეთებთ. შესაბამისად, ფასები ყოველთვის კონკურენტულია. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხარისხი დაბალია ან რაიმე სტანდარტს არ შეესაბამება.

საქართველოში საკმაოდ მკაცრი სტანდარტი არის საწვავის ხარისხთან დაკავშირებით. ჩვენც, რა თქმა უნდა, ამ ხარისხის სტანდარტს ვიცავთ. საქართველოს საბაჟოზე შემოსული საწვავი EURO 5-ის სტანდარტთან შესაბამისობაში უნდა იყოს. შესაბამისად, ჩვენი საწვავიც, როგორც ბენზინი, ისე დიზელი, სრულად შესაბამისობაში არის ამ მოთხოვნებთან. ამასთან, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ფასები კონკურენტული გვქონდეს“, - განაცხადა ჯემალ ონიანმა.

„ქონექთის“ დირექტორის მოადგილე აღნიშნავს, რომ მათ ქსელში ფასების ზრდა მარტიდან დაიწყო და დღეისთვის საწვავი საშუალოდ 50 თეთრით არის გაძვირებული. კომპანიაში საერთაშორისო ბაზარზე ფასების შემცირებას იმედოვნებენ და ამბობენ, რომ შეეცდებიან ქართველ მომხმარებელზე ეს გარემოება დროულად ასახონ.

„ჩვენც რეზერვების დაახლოებით ერთთვიანი მარაგი გვაქვს. შარშან დავასრულეთ ახალი ბაზის მშენებლობა გარდაბანში, სადაც ჩვენი რეზერვების დასაწყობება ხდება.

უახლოეს პერიოდში, „პლატსზე“ საწვავის ფასების დასტაბილურების მოლოდინი გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ქვევით შეიძლება წამოვიდეს. იმედი გვაქვს, რომ ასე მოხდება და ვეცდებით, ამ ფასის ასახვა საცალო მომხმარებელზე დროულად მოვახდინოთ“, - განაცხადა ჯემალ ონიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები