მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაჟა–ფშაველას კვარტლებში არსებული "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლების რა ხედვა აქვს კერძო სექტორს?

61ed4d70ba92d
დავით ჯალაღონია
23.01.22 23:30
7410
კომპანია "არსის" გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე მიიჩნევს, რომ თბილისის მერიის მიერ ინიცირებული ე.წ "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლების პროგრამა კერძო სექტორის ინტერესებზე უფრო მორგებული უნდა გახდეს.

საუბარია პროგრამაზე, რომელიც 2017 წელს, წინასაარჩევნოდ, კახა კალაძის გუნდმა მოსახლეობას შესთავაზა. მას შემდეგ ამ ინიციატივით მხოლოდ კომპანია "არქის" შვილობილი შპს "ვარკკეთილი დეველოპენტი" დაინტერესდა, რომელიც პროგრამის ფარგლებში ამჟამად სწორედ ვარკეთილში მუშაობს.

ბესო ორთოიძე აღნიშნავს, რომ კერძო სექტორის გააქტიურება ისეთ შეთავაზებებზე იქნება დამოკიდებული, როგორიც განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდაა.

"ამ ეტაპზე მხოლოდ ის ინიციატივა ვიცით, რაც გააჟღერა მუნიციპალიტეტმა და ეს იყო წინასაარჩევნო პროგრამის ფარგლებში. მე აქვე აღვნიშნავ, რომ ეს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა და რთული გამოწვევაა, რაც დღეს არ დამდგარა. ათწლეულებია ეს პრობლემა არის და მე მახსოვს, რომ თითქმის ყველა წინამორბედი ადმინისტრაცია აპირებდა და ცდილობდა ამ პრობლემის გადაჭრას, მაგრამ ვერავინ გაბედა ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა და მე მიხარია, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგმება და დაიწყება.

ინიციატივა, რაც გაჟღერდა, ითქვა, რომ ეს იქნება სამშენებლო კომპანიებისა და არა დეველოპერულისთვის. დეველოპერები, როგორც წესი, სამშენებლოებს უკვეთავენ ამა თუ იმ პროექტს და შემდეგ ცალკე თავის მარჟას ამატებენ და მუნიციპალიტეტის მიზანია, რაც შეიძლება დაბალ ბიუჯეტად შეძლოს ამ ე.წ ხრუშჩოვკების ჩანაცვლება, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ეს პროგრამა განვითარდება და დეველოპერებისთვის საინტერესო უნდა გახდეს.

ამას არა მხოლოდ სოციალური დატვირთვა აქვს, არამედ ურბანული და არქიტექტურული თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქისთვის და ეკონომიკური დატვირთვაც აქვს, რადგან საკმაოდ დიდი ეკონომიკური აქტივობა შეიქმნება ამ პროგრამით. საინტერესო იქნება ისიც, რომ თუ ავიღებთ ქავთარაძის და ვაჟას–ფშაველას კვარტლებს, აქ უამრავი დაბალსართულიანი "ხრუშჩოვკაა" და აქვთ საინტერესო გეგმარება ურბანული თვალსაზრისით, მაგრამ ეს პოტენციალი გამოყენებული არ არის, რადგან ხშირ შემთხვევაში, ეს სივრცეები ან ავტოფარეხებად არის გადაქცეული, ან უბრალოდ შემოღობილია, ვიღაცას მითვისებული აქვს. შესაბამისად, ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია, როგორც სართულიანობის გაზრდის კუთხით, მაგალითად ხუთიანის ნაცვლად, აშენდეს თუნდაც 8 ან 10–სართულიანი შენობები, ასევე ეს სივრცე გაძლევს საშუალებას, რომ უკეთესი, დამატებით სახლები განათავსო ამ სივრცეში, მაგრამ ბევრად უკეთესი იყოს ეს სივრცე, ვიდრე დღეს არის. შესაბამისად, აქ არის პოტენციალი, რომ კერძო სექტორი დაინტერედეს. თუმცა დასაწყისისთვის სახელმწიფო ალბათ მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული. ბიუჯეტიდანაც მოუწევს ალბანთ დაფინანსება, რომ დაიწყოს ეს პროგრამა, მოსახლეობამაც დაინახოს, რომ რეალურია, რადგან საკმაოდ რთული იქნება მათთან შეთანხმება, მიუხედავად იმისა, რომ მათი საბინაო ფონდის გაუმჯობესება უნდა მოხდეს.

საბოლოოდ მივიღებთ ისეთ პროგრამას, რომელიც ბიზნესისთვის იქნება საინტერესო, სხვა შემთხვევაში გრძელვადიანად ვერ იარსებებს ასეთი პროგრამა, როემლიც მუდმივად სახელმწიფოს დაფინანსებას და მხარდაჭერას საჭიროებს", – განმარტა ბესო ორთოიძემ.

შეგახსენებთ, რომ წელს მერიამ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაც დააანონსა, რომლის ბიუჯეტი, დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, 20 მილიონი ლარი იქნება. პროგრამის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები