დასაქმების სააგენტოების ნაწილში აცხადებენ, რომ კომპანიების მიერ გამოცხადებული ვაკანსიების კლების ტენდენცია მაისშიც შენარჩუნდა.
როგორც Hr.ge-ში BMG-ის განუცხადეს, მათ პლატფორმაზე მიმდინარე თვეში ვაკანსიები წლიურად 9%-ითა შემცირებული. Hr.ge-ის ვებ განყოფილების გაყიდვების დირექტორის, ინგა შახბაზიანის თქმით, მაისში მათ პლატფორმაზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა აპრილთან შედარებით მცირედით გაზრდილია. თუმცა წლიურ ჭრილში კვლავ კლება ფიქსირდება.
ვაკანსიების კლების ტენდენცია ყველაზე მეტად შედარებით მაღალი რგოლის პოზიციებზე ფიქსირდება. Hr.ge-ის პლატფორმაზე ვაკანსიების შემცირების ტენდენცია უკვე 6-7 თვეა ფიქსირდება.
„2025 წელს ვაკანსიების ზრდის მიმართულებით ისეთი კარგი სურათი არაა, როგორც ეს გასულ წლებში იყო. თვიდან თვემდე კლება გვაქვს. მაისიც პასიური აღმოჩნდა, წლიურად ვაკანსიებში 9%-იანი კლება გვაქვს, წინა წლის მაისში დაახლოებით 4700 ვაკანსია იყო, ამ წლის მაისში კი ჯერჯერობით 4300-ია. აპრილიც დაახლოებით 10%-იანი წლიური კლებით დავასრულეთ. თუმცა აპრილთან შედარებით თვიურ ჭრილში მცირედი, 2%-იანი ზრდა მაინც გვაქვს, თუმცა ეს მოსალოდნელი იყო, რადგან აპრილში ბევრი დასვენების დღე იყო. მაისთან დაკავშირებით მოლოდინი ბევრად მეტი გვქონდა, რადგან ეს თვე დასაქმების კუთხით ყველაზე აქტიურია ხოლმე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაახლოებით 6-7 თვეა ვაკანსიების კლება შეინიშნება.
რაც შეეხება სექტორებს, ჰორეკა სექტორი შედარებით გააქტიურდა და ვაკანსიების გამოცხადების მიმართულებით დღეს პირველ ადგილზეა, მეორე ადგილზეა გაყიდვების მიმართულება. ამ ეტაპზე ძირითადი მოთხოვნა საშუალო და დაბალ პოზიციებზეა, თუმცა ძირითადი ზრდის მოლოდინი გვაქვს ხოლმე შედარებით ზედა, მაღალი რგოლის პოზიციებზე და სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ აქტიურობენ კომპანიები და ჯერჯერობით თავს იკავებენ. იმედი გვაქვს, რომ ივნისი ბევრად უფრო აქტიური იქნება“, - განაცხადა ინგა შახბაზიანმა.



























