მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, უწყება რუსეთთან საზღვრის დაცვის გაძლიერებაზე მუშაობს

მთა კავკასიონი

შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, უწყება რუსეთთან საზღვრის დაცვის გაძლიერებაზე მუშაობს. როგორც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ „რუსეთთან საზღვარი მაქსიმალურად გადაიკეტოს ელექტროსისტემებით და არა ახალი საგუშაგოების გახსნით". თუმცა, მისივე თქმით, საზღვარზე გადმოპარვის არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, "ვინაიდან ზამთრის პერიოდში იქიდან ადამიანის გადმოსვლა, მთამსვლელი თუ არ არის, შეუძლებელია“.

აღსანიშნავია, რომ სასაზღვრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მინისტრს კითხვა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ დაუსვა. როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, ზამთრის პირობებში საქართველო საზღვრის დაცვას ვერ ახერხებს.

მინისტრმა აღიარა, რომ რუსეთის საზღვარზე, რომელიც დაახლოებით 900 კმ სიგრძისაა, პრობლემები და გამოწვევები არის.

„ყველა სექტორის განახლება კამერებით, ბოლომდე ჩვენ ვერ ჩავხურეთ, ეს არის უძვირესი და ურთულესი. ჩვენი კოლეგები აშშ-დან, ევროკავშირიდან გვეხმარებიან. მინდა, მათ მადლობა ვუთხრა. თურქეთის მიმართულება თითქმის მთლიანად გადახურული გვაქვს, აზერბაიჯანში და სომხეთში დაგვრჩა ორი სექტორი. ახლა მთავარი თემა არის რუსეთის მიმართულებაზე, რომელიც თითქმის რვა თვე დაკეტილია და იქიდან ფიზიკურად ვერ გადმოვა ადამიანი, სულ რომ გაუხსნა საზღვარი, ეს შეუძლებელია. იმ დანარჩენი ოთხი თვის განმავლობაში კი არის საფრთხეები, თუმცა, არც ერთხელ არ დაფიქსირებულა გადმოსვლა, ადრე თუ არ ჩავთვლით, როცა ლაგოდეხის მიმართულებიდან მებრძოლების გადმოსვლა ხდებოდა. 2015 წლის შემდეგ აღარ ყოფილა გადმოსვლის ფაქტი.

თუმცა, ძალიან ხშირია თურქეთის საზღვარზე დაკავება, გადმოდიან, მათ შორის ჩვენი მოქალაქეებიც, ასევე თურქეთის მოქალაქეები და სხვა ქვეყნებისაც. ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ კოლეგებთან ერთად.

სანაპირო დაცვის კუთხით აშშ-მა დიდი დახმარება გაგვიწია 2008 წლიდან მოყოლებული, რომელიც ერთ-ერთი წამყვანია სანაპირო დაცვის მიმართულებით“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები