“დინამო თბილისის” ფეხბურთელი ვახტანგ სალია მომდევნო სეზონიდან ინგლისის პრემიერ ლიგაში, კერძოდ “ნიუკასლ იუნაიტედში” ითამაშებს. ინფორმაციას თავად ინგლისური კლუბი ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს.
მიმდინარე სეზონის ბოლომდე სალია “დინამოში” დარჩება, ხოლო ზაფხულიდან უკვე “კაჭკაჭების” რიგებში დაიწყებს თამაშს.
ქართველს ეროვნულ ლიგაში დებიუტი 2023 წლის ნოემბერში ჰქონდა, წელს კი 24 თამაშში 5 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთებაც მოასწრო. სალიას სხვადასხვა დროს საქართველო 17, 19 და 21 წლამდე ასაკობრივი ნაკრებების ღირსებაც დაუცავს.
“ნიუკასლის” სპორტული დირექტორის პოლ მიტჩელის განცხადებით, გუნდმა სხვა ტოპ კლუბებს აჯობა სალიასთვის ბრძოლაში და გახარებულია, რომ ქართველი შემდეგი წლიდან მათ რიგებში ჩაირიცხება:
“სკაუტინგი და ტალანტების აღმოჩენა, მდგრადი მომავლის ასაშენებლად უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, ბაზარი კი ძალიან კონკურენტული. ჩვენ გავაგრძელებთ ახალგაზრდა ტალანტების მოძიებას, როგორც ინგლისში, ისე მის ფარგლებს მიღმა და დავაკვირდებით ისეთ ფეხბურთელებს, რომლებიც სამომავლოდ მოირგებენ ჩვენს მაისურს. ვახტანგს დარჩენილ სეზონში “დინამო თბილისთან” ერთად წარმატებებს ვუსურვებთ”, - ნათქვამია პოლ მიტჩელის განცხადებაში.
ამგვარად, მომდევნო სეზონიდან საქართველოს ინგლისის პრემიერ ლიგაში ორი წარმომადგენელი ეყოლება ვახტანგ სალიასა და გიორგი მამარდაშვილის სახით, რომელიც “ლივერპულმა” გასულ ზაფხულს შეიძინა და იჯარით “ვალენსიაში” დატოვა.