თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ვახუშტის ხიდიდან სააკაძის მოედნამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი მოეწყობა.
როგორც დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საავტომობილო ზოლების რაოდენობა უცვლელი დარჩება.
„სამუშაოები გიორგი სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება. კერძოდ, ვახუშტის ხიდიდან გიორგი სააკაძის მოედნის მიმართულებით სავალი ნაწილიდან გამოიყოფა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი. ასევე, უსაფრთხო საფეხმავლო გადაადგილებისთვის მოეწყობა კუნძულები და ზებრა გადასასვლელები. მნიშვნელოვანია, რომ სამანქანო ზოლების რაოდენობა დარჩება უცვლელი. გზის სავალი ნაწილი დაიხაზება და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და შუქნიშნები. ასევე, ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, სამუშაოები 28 ნოემბრის 00:00 საათიდან დაიწყება და, დაახლოებით, ორი კვირის ვადაში დასრულდება.
„პროექტს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ერთობლივად განახორციელებენ. ეს საკმაოდ დატვირთული მონაკვეთია, უამრავი ავტომანქანა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება დღის განმავლობაში. შესაბამისად, საავტომობილო მოძრაობის ინტენსივობიდან გამომდინარე, დაგეგმილი სამუშაოები მხოლოდ ღამის საათებში ჩატარდება, რომ გადაადგილება არ შეიზღუდოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.




























