მეურნეობა „ვაკიჯვრის საკალმახე“, რომელიც ბაზარზე მრავალი წელია ოპერირებს, ნახევარფაბრიკატების წარმოების დაწყებას გეგმავს - ამის შესახებ კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა, ერეკლე ჩხარტიშვილმა BM.GE-სთან ისაუბრა.
მისი თქმით, საკალმახე გურიაში, ვაკიჯვარში მდებარეობს და მეურნეობა ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდში იყო აშენებული, თუმცა მხოლოდ 3 აუზს მოიცავდა. 17 წლის წინ, ობიექტი კომპანია „ნიკორამ“ შეიძინა და დაახლოებით 2-ჯერ გააფართოვა. ამჟამად, „ვაკიჯვრის საკალმახე“ 7 ჰა-ს მოიცავს და 50-მდე ადამიანს ასაქმებს.
„საკალმახის ფუნქციონირებისათვის 100-110 ტონა თევზია საჭირო. წელიწადში, დაახლოებით 200 ტონამდე თევზს ვყიდით, ხოლო ხიზილალას დაახლოებით 3-5 ტონის ფარგლებში ვაწარმოებთ. ხიზილალა მხოლოდ ნიკორას ქსელში იყიდება. რაც შეეხება კალმახს, ის ქსელურ მარკეტებშიცაა წარმოდგენილი, როგორიცაა კარფური, გუდვილი და სხვა. მცირე წარმოებიდან გამომდინარე, ექსპორტზე ვერ გავდივართ
რაც შეეხება გეგმებს, ვცდილობთ, რომ ხიზილალას შეფუთვა დავხვეწოთ და ნახევარფაბრიკატების წარმოებაც დავიწყოთ. როგორიცაა ფილე და სხვა. დანადგარები უკვე შეძენილი გვაქვს, რომლის ინვესტიცია 20000- 30000 დოლარის ფარგლებშია“,- აცხადებს კომპანიის გაყიდვების მენეჯერი.
მისივე ინფორმაციით, იმის გათვალისწინებით, რომ პროდუქციის დახლზე განთავსებას „ნიკორა“ წყვეტს, თანხმობის შემთხვევაში, „ვაკიჯვრის საკალმახის“ ნახევარფაბრიკატები დახლზე დაახლოებით 3-4 თვეში გამოჩნდება.