მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვაკის პარკის კასკადის რეაბილიტაციაზე მერია 2026 წელს ₾18 მილიონის დახარჯვას გეგმავს

ვაკის პარკი

თბილისის მერიის 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, მომავალ წელს ვაკის პარკის კასკადის რეაბილიტაციისთვის 18 მილიონი ლარი დაიხარჯება.

კასკადის რეაბილიტაცია ივლისში დაიწყო. ₾31.8 მილიონად ვაკის პარკის კასკადის რეაბილიტაცია შპს "დაგი"-მ ჩაიბარა. კომპანია 2025 წლის 28 მარტს გამოცხადებული ტენდერის ერთადერთი პრეტენდენტი იყო. მერიას კასკადის რეაბილიტაციისთვის მაქსიმალურ გადასახდელ თანხად 47 მლნ ლარი ჰქონდა მითითებული.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ვაკის პარკში არსებული კასკადისა და შადრევნების რეაბილიტაციის ფარგლებში, სამსახური თავიდან შეისწავლის არსებულ მდგომარეობას, რის საფუძველზეც მომზადდება დეტალური პროექტი. მომზადებული პროექტის საფუძველზე განხორციელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. კასკადისა და შადრევნების რეაბილიტაცია ვიზუალურ ნაწილში მნიშვნელოვანი ჩარევებისა და ცვლილებების გარეშე განხორციელდება. კასკადის კონსტრუქცია სრულად განახლდება იმავე მასალითა და ვიზუალით, რაც არსებობდა. ამასთან, შეიცვლება წყალმომარაგებისა და ელექტრო სისტემები. დამონტაჟდება სრულიად თანამედროვე ტექნოლოგია.

"თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნები და კასკადი (444 გრძ.მ) წარმოადგენს ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლს, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით სრულად ამორტიზებულია და მოშლილია მისი საინჟინრო სისტემა. არქიტექტურული ნაწილი საჭიროებს რესტავრაციას ისე, რომ ობიექტმა არ დაკარგოს ავთენტიკურობა და აღდგეს თავდაპირველი ვიზუალური სახით. რადიკალურ რეაბილიტაციას საჭიროებს კასკადის ჰიდროლოგიური საინჟინრო სისტემა. ვაკის პარკის ცენტრალური ღერძის გასწვრივ არსებული შადრევნები კასკადთან ერთად, უნდა წარმოადგენდეს ერთ უწყვეტ სისტემას, რაც გარდა ვიზუალისა უზრუნველყოფს მიწოდებული წყლის გამოყენება ხელმეორედ . გარდა ამისა სეზონურად უნდა მოხდეს კუს ტბის წყალსატევის წყლის გარკვეული რაოდენობით შევსებას, რომელიც ამ ეტაპისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის არ არსებობის გამო ვერ ხდება", - წერია ბიუჯეტის 2026 წლის პროექტში.

აღსანიშნავია, რომ კასკადის სამუშაოების დასრულება სრულად ჯერ 2022 წლის ბოლოსთვის, ხოლო შემდეგ 2023 წლის გაზაფხულზე ანონსდებოდა. ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წელს დაიწყო. 2022 წლის მდგომარეობით, ვაკის პარკის აღდგენის პროექტზე 33 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, საიდანაც 11.8 მილიონი ლარის ხელშეკრულება “გრინსერვისი+”-თან გაფორმდა. ამ თანხიდან 6.5 მილიონი ლარი კი კასკადისა და შადრევნების რეაბილიტაციაზე დაიხარჯა. 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიის შედეგად, ერთი მოზარდი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. საქმეზე დაკავებულები არიან, როგორც შადრევნის მშენებელი კომპანია "გრინსერვისი+“-ის თანამშრომლები, ისე "მშენ-ექსპერტის“ და „ნიუ მეტალ დიზაინის“ თანამშრომლები. მაშინ დააკავეს ასევე თბილისის მერიის ორი მაღალჩინოსანი. თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებული 9 პირიდან მხოლოდ ერთი, ვალერი გობეჯიშვილი გაამართლა, დანარჩენი 8 პირი კი დამნაშავედ ცნო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები