საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბი “ლიონი”, რომელმაც გასულ სეზონში გიორგი მიქაუტაძესთან ერთად ევროპა ლიგის საგზურიც მოიპოვა, ფინანსური პრობლემების გამო რანგით მეორე დივიზიონში დაქვეითდა.
ჯერ კიდევ იანვარში პროფესიული ფეხბურთის ფინანსურმა ზედამხედველმა კლუბს და მის პრეზიდენტ ჯონ ტექსტორს დაახლოებით 175 მილიონი ევროს ფინანსური გარანტიების შესრულება მოსთხოვა, თუმცა ამის მიუხედავად კლუბს ამ დრომდე ნახევარი მილიარდი ევროს ოდენობის ვალი აქვს, რის გამოც “ლიონს” მსგავსი მძიმე განაჩენი გამოუტანეს.
ორგანიზაციას განაჩენის გასაჩივრების უფლება გააჩნია, რასაც გამოიყენებს, თუმცა მანამდე ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში ისინი მიღებულ გადაწყვეტილებას გაუგებარს უწოდებენ, რადგან მათი თქმით პროფესიული ფეხბურთის ფინანსური ზედამხედველის მოთხოვნებს მუდმივად აკმაყოფილებდნენ შეტანილი კაპიტალის გაზრდით და ამავდროულად საფეხბურთო კლუბ “კრისტალ პალასის” აქციების გაყიდვით. ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ გუნდის ფინანსური რესურსი იმდენად გაუმჯობესებულია, რომ 2025/26 წლების სეზონისთვის მზად არიან.
მოცემული სიტუაციიდან გამომდინარე “ლიონი” მომდევნო სეზონს ევროპა ლიგისა და ლიგა 1-ის ნაცვლად, ლიგა 2-ში გაატარებს და ჯერაც უცნობია გიორგი მიქაუტაძის გადაწყვეტილება, უერთგულებს მშობლიურ კლუბს თუ ისარგებლებს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრით.