მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვალენსიაში წყალდიდობის მსხვერპლთა რაოდენობა 158-მდე გაიზარდა

ესპანეთი

აღმოსავლეთ ესპანეთში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 158-ს აღწევს - ადგილზე ამ დრომდე გრძელდება ძებნა-შველის სამუშაოებიც. ინფორმაციას უცხოური მედია ადგილობრივ უწყებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

"მსხვერპლი 158-ია, რასაც უნდა დავუმატოთ ის ათობით და ასობით ადამიანი, ვინც ამ დრომდე დაკარგულად ითვლება", - აცხადებს ახელ ვიქტორ ტორესი, ესპანეთის მინისტრი პრესკონფერენციაზე.

ვალენსიის რეგიონში გასულ სამშაბათს, 8 საათის განმავლობაში უფრო მეტი ნალექი მოვიდა, ვიდრე ამ ტერიტორიაზე წლის განმავლობაშია დამახასიათებელი. სტიქია უკვე შეფასებულია, როგორც ყველაზე მასშტაბური, წყალდიდობასთან დაკავშირებული კატასტროფა თანამედროვე ესპანეთის ისტორიაში. მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ კლიმატის ცვლილებასთან ერთად, ექსტრემალური ამინდის პირობები კიდევ უფრო გახშირდება.

2021 წელს გერმანიაში წყალდიდობას 185 ადამიანი ემსხვერპლა, უფრო ადრე, 1970 წელს 209 ადამიანი დაიღუპა რუმინეთში მომხდარი წყალდიდობის შედეგად, 1967 წლის პორტუგალიის წყალდიდობამ კი თითქმის 500 ადამიანი იმსხვერპლა.

ესპანეთის ოპოზიცია ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. ისინი მიიჩნევენ, რომ მთავრობამ მოსახლეობის გაფრთხილება და სამაშველო ჯგუფების მობილიზება დააგვიანა. ცენტრალური ხელისუფლება კი პასუხისმგებლობას რეგიონულ მთავრობას აკისრებს.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ მსხვერპლი არიდებული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობას მოსალოდნელ საფრთხეებზე წინასწარ გააფრთხილებდნენ.

სტიქიამ დააზიანა ვალენსიის ინფრასტრუქტურაც, წაღებულია ხიდები, დატბორილია გზები და სარკინიგზო ხაზები. გზატკეცილის 80 კმ-იანი მონაკვეთი სრულ აღდგენას საჭიროებს. ამასთან, სტიქია იმ რეგიონს დაატყდა თავს, რომელიც ესპანეთის ციტრუსის 2/3-ს აწარმოებს - ჯერჯერობით უცნობია, რა გავლენა ექნება წყალდიდობას წლევანდელ მოსავალზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები