მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვალერი გელაშვილის $10 მილიონიანი პროექტი - ხაშურის ცენტრში 17-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი შენდება

ხაშური

ფოტო: qartli.ge

ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი ხაშურის ცენტრში, 200-ბინიან საცხოვრებელ კორპუსს აშენებს. ამის შესახებ ინფორმაციას მან BM.GE-ს დაუდასტურა და აღნიშნა, რომ $8-10 მილიონის ღირებულების საინვესტიციო პროექტის მშენებლობის დასრულება 2 წელიწადშია დაგეგმილი.

მისი ინფორმაციით, 17-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართული კომერციულ ფართებს დაეთმობა, დანარჩენ ფართებზე კი ბინები იქნება. პროექტს კომპანია "ტერასა ივერია" ახორციელებს, რომლის მფლობელიც თავად ვალერი გელაშვილია.

„ხაშურის ცენტრში ამ ადგილზე ძველად სასტუმრო „ივერია“ იყო, მერე სკოლად გადავაკეთე. ეს შენობა ახლა უკვე რეკონსტრუქციას საჭიროებდა და მოითხოვდა, რომ ხაშურის ცენტრი უფრო მიმზიდველი გამხდარიყო. პირველ სართულზე კომერციული ფართებს დაეთმობა.

გვინდოდა, 22-სართულიანი კორპუსი ყოფილიყო, თუმცა ხაშურის მუნიციპალიტეტმა ამაზე უარი გვითხრა და 17-სართულიან პროექტის განხორციელების ნებართვა მოგვცეს. დაახლოებით 200-ბინიანი საცხოვრებელი კორპუსი იქნება. შენობის საერთო ფართობი 15 000 კვ.მ.-ია და მისი საინვესტიციო ღირებულება 8-10 მილიონი დოლარია“, - განაცხადა ვალერი გელაშვილმა და აღნიშნა, რომ საძირკველი გაჭრილია და მშენებლობა უკვე დაწყებულია.

ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ ეს მისთვის დეველოპმენტის მიმართულებით პირველი პროექტი არ არის და მას ხაშურში 8-სართულიანი კორპუსები უკვე აშენებული აქვს. თუმცა გელაშვილი ამბობს, რომ ხაშურში, პოლიციის მიმდებარედ 26 000 კვ.მ.-ზე ასევე განაშენიანების პროექტის შემუშავებას და საცხოვრებელი და კომერციული ფართების აშენებას გეგმავს.

ვალერი გელაშვილი აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში არსებულ კრიტიკას პასუხობს და ამბობს, რომ „ყველაფერს ხაშურის განვითარებისთვის აკეთებს“. მისი თქმით, მშენებლობა ნებართვით და დასაშვები ნორმების ფარგლებში ხდება.

მოქალაქეების ნაწილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ ტერიტორიისთვის 17-სართულიანი პროექტის განხორციელება ქალაქის იერსახეს არ შეესაბამება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები