მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვალუტები, რომლებზეც გლობალურად ყველაზე მაღალია მოთხოვნა

ვალუტა

მსოფლიოს მასშტაბით 100-ზე მეტი განსხვავებული ვალუტაა, მათი უმეტესობა მხოლოდ ერთი სახელმწიფოს საზღვრებში გამოიყენება, რადგან მათზე გლობალურად მოთხოვნა არ არის.

ვალუტაზე მოთხოვნის ზრდას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს, მათ შორის უმნიშვნელოვანესი კი გეოპოლიტიკა და ვალუტის გამომშვები სახელმწიფოს ეკონომიკური სიძლიერეა. თუკი ქვეყანა პოლიტიკურად და ეკონომიკურად სტაბილური არ არის, მისი ვალუტის ფლობას არავინ მოინდომებს, რადგან ის ზედმეტად სარისკო აქტივი იქნება. აგრეთვე, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ რეიტინგში ვალუტის დასაწინაურებლად მხოლოდ სტაბილურობა არ არის საკმარისი. აუცილებელია, რომ ვალუტის გამომშვები სახელმწიფო აქტიურად იყოს ჩართული საერთაშორისო ვაჭრობის პროცესში და რაც შეიძლება მეტ სფეროში ჰქონდეს გავლენა, რათა მან დროსთან ერთად რელევანტურობა არ დაკარგოს.

ამერიკული დოლარი

თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ყოველი ზემოხსენებული პარამეტრი პირდაპირ ერგება ზეგანვითარებული სახელმწიფოების აღწერილობებს და გასაკვირი არავისთვის არ უნდა იყოს, რომ მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი ვალუტა ამერიკული დოლარია. საუკუნეზე მეტია, რაც დოლარი პირველობას ინარჩუნებს და მის ჰეგემონიას არც უახლოეს მომავალში დაემუქრება საფრთხე. პლანეტის ისტორიაში არცერთ სხვა ეროვნულ ვალუტას არასოდეს არ ჰქონია მსგავსი გავლენა და აღიარება, როგორიც დოლარს აქვს. გლობალური ვაჭრობის, ტრანზაქციების, ობლიგაციების, ფასიანი ქაღალდების და რეზერვების უდიდესი ნაწილი სწორედ ამერიკულ დოლარშია დენომინირებული.

საერთო ჯამში, ეს ვალუტა ყოველდღიურად საშუალოდ 7 ტრილიონი დოლარის მოცულობის ტრანზაქციებშია ჩართული, რაც საერთო მოცულობის 88%-ია. ყველაფერთან ერთად, დოლარი გლობალურ სარეზერვო ვალუტად მიიჩნევა, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სუპერსახელმწიფოა. ამერიკის სტაბილურობის მიმართ გლობალურ ინვესტორებს ურყევი ნდობა აქვთ, რასაც არაერთი მიზეზი აქვს, მათ შორის ის, რომ ამერიკა დემოკრატიული სახელმწიფოა, განვითარებული საფინანსო სისტემით, დამოუკიდებელი სასამართლოთი და თავდაცვის მექანიზმებით. ეკონომიკურ გავლენასთან ერთად, დოლარი ამერიკის მთავრობას უდიდეს გეოპოლიტიკურ იარაღს აძლევს სანქციების აღსრულების მიმართულებით. დოლარის დომინანტურობის წყალობით, ვაშინგტონს აქვს იმის პრივილეგია, რომ სანქცირებული სახელმწიფო პრაქტიკულად მოწყვიტოს გლობალურ ვაჭრობას და საფინანსო სისტემას, რადგან ის ვეღარ შეძლებს დოლარის გამოყენებას, ეს კი ეკონომიკისთვის სასიკვდილო განაჩენადაც კი შეიძლება ჩაითვალოს.

ევრო

მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნადი ვალუტების რეიტინგში მეორე ადგილს ევრო იკავებს, რომელიც ყოველდღიურად 2 ტრილიონ 500 მილიარდი დოლარის ტრანზაქციებში მონაწილეობს, რაც ჩართულობის 31%-იანი მაჩვენებელია.

დოლარის და სხვა ვალუტებისგან განსხვავებით, ევროს ის გამოარჩევს, რომ იგი ეროვნული ვალუტის სტატუსით 20 სახელმწიფოში სარგებლობს, რაც მას ევროზონის მასშტაბით უნივერსალურ და მარტივად გადაცვლად ვალუტად აქცევს. მართალია, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მნიშვნელობით ევროკავშირი ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ჩამოუვარდება, თუმცა ევროს საერთაშორისო ვაჭრობაში მაინც იშვიათად იყენებენ, განსხვავებით დოლარისა, რომელიც ერთგვარი გლობალური სტანდარტია.

იაპონური იენი

ტოპ მოთხოვნადი ვალუტების სამეულში ასევე ვხედავთ იაპონურ იენს, რომელსაც განსაკუთრებით აქტიურად აზიის რეგიონში იყენებენ. არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ იაპონია პლანეტაზე ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოა, რაც გლობალურად მის გავლენას ზრდის.

იენის დღიური ბრუნვა საშუალოდ 1 ტრილიონ 200 მილიარდ დოლარს აღწევს და ამ მაჩვენებლით ის გლობალური ტრანზაქციების 17%-შია ჩართული. იაპონიის ასეთ პოზიციას მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები და ავტომწარმოებელი ბრენდები განაპირობებენ, რომლებიც ყოველდღიურად მილიარდობით დოლარის შემოსავალს აგენერირებენ.

ბრიტანული ფუნტი

რეიტინგში მეოთხე ადგილს ბრიტანული ფუნტი სტერლინგი იკავებს, რომლის ბრუნვის მაჩვენებელი დღიურად საშუალოდ 700 მილიარდ დოლარს შეადგენს. ქვეყნის ეკონომიკის მოცულობასთან ერთად, სტერლინგს კიდევ ერთი თვისება გამოარჩევს - ის ბრიტანეთის ყოფილი კოლონიების ნაწილში ჯერაც აქტიურად გამოიყენება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფუნტი ეროვნული ვალუტის ამპლუაში 6 სახელმწიფოში ფუნქციონირებს, რაც მასზე მოთხოვნას ზრდის.

ჩინური იუანი

მოთხოვნადი ვალუტების ხუთეულს ჩინური იუანით ვასრულებთ, რომლის დღიური ბრუნვის მაჩვენებელი 500 მილიარდ დოლარს აღწევს. ბოლო წლების განმავლობაში ჩინეთს ყველაზე მკვეთრი ზრდა აქვს ამ რეიტინგში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო მეტი სახელმწიფო იწყებს იუანით ვაჭრობას, რაც სი ძინპინის მთავრობის ერთ-ერთი საკვანძო მოთხოვნაა. იუანის განსაკუთრებით დაწინაურება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამ განაპირობა, რომლის შემდეგ, მოსკოვი სრულად გადაერთო ჩინეთთან ვაჭრობაზე, რომლისთვისაც სწორედ იუანი გამოიყენება.

მართალია, ამ ეტაპზე გლობალურ რეიტინგში დასავლური სახელმწიფოები და ვალუტები დომინირებენ, თუმცა ჩინეთის მთავრობა გეგმავს, რომ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში იუანმა არათუ ტოპ სამეულში დაიმკვიდროს თავი, არამედ ტახტიდან ამერიკული დოლარი ჩამოაგდოს, რათა გლობალურ ჰეგემონად თავად იქცეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები