ტყავისა და ტყავის შემცვლელისგან დამზადებული აქსესუარების ქართული ბრენდის, "გეფერინის" აღმასრულებელი დირექტორი, ილია გეფერიძე აღნიშნავს, რომ კომპანია იტალიაში სასაწყობე ფართის გახსნას გეგმავს - ამის შესახებ გეფერიძემ BMGTV-ის "საქმიანი დილას" ეთერში ისაუბრა.
მისი განმარტებით, იტალიაში საწყობის გახსნა კომპანიას საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტში არსებულ ლოგისტიკურ გამოწვევებს მოუგვარებს.
"ჩვენი ექსპორტი 2017 წელს, საფრანგეთიდან დაიწყო. შემდეგ იყო შვედეთი. იმისთვის, რომ პოტენციური მყიდველები დავაინტერესოთ, მუდმივად ვესწრებით საერთაშორისო გამოფენებს, მაგალითად, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დაფინანსებით, მილანის გამოფენას, სადაც ჩვენს მყიდველებთან ურთიერთობას ვამყარებთ.
მოცემულ მომენტში ჩვენი უმთავრესი გეგმა იტალიაში სასაწყობე ფართის გახსნაა, საიდანაც მოხდება სხვადასხვა უცხოურ პლატფორმებზე გაყიდვები, რაც, ვფიქრობ, ძალიან კარგი ნაბიჯი იქნება ევროპულ ბაზარზე და სხვადასხვა ქვეყანაში მნიშვნელოვან განვითარებას მოგვცემს. ამასთან, ამით ძალიან მარტივად მოვაგვარებთ ლოგისტიკურ პრობლემებს", - აღნიშნავს ილია გეფერიძე.
მისივე თქმით, "გეფერინის" აქსესუარები დღეს 13-მდე ქვეყანაში გადის ექსპორტზე.
"კომპანიამ თავიდანვე დაისახა მიზნად, რომ ჩვენი მთავარი ბაზარი ევროკავშირი ყოფილიყო, რადგან ჩვენთვის სტაბილურობა უმნიშვნელოვანესია, რისთვისაც უნდა ვეძიოთ ისეთი ქვეყნები, საიდანაც სტაბილურ შემოსავალს მივიღებთ.
როდესაც ჩვენი პირველი პროდუქტი ქართულ ბაზარზე გამოვიტანეთ გასაყიდად, ძალიან ბევრი უცხოელი ტურისტი დაინტერესდა. სწორედ ეს იყო პირველი ნაპერწკალი, რითაც საერთაშორისო გამოფენაზე მონაწილეობა გადავწყვიტეთ. პირველივე გამოფენას მოჰყვა დიდი დაინტერესება", - აღნიშნავს "გეფერინის" აღმასრულებელი დირექტორი.
გარდა ექსპორტის განვითარებისა, სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ილია გეფერიძე აღნიშნავს, რომ კომპანია ასორტიმენტის გაფართოებასაც გეგმავს.
"პრობლემა გვაქვს, რომ მოთხოვნას ვერ ვაკმაყოფილებთ. გვინდა, რომ გავზარდოთ და შევავსოთ ასორტიმენტები და იგეგმება საფულეების, ჩანთების, ქამრებისა და შარფების მიმართულებით დიზაინის დამატება.
ასევე გვინდა, რომ საქართველოში გაყიდვების ქსელი კიდევ უფრო გავზარდოთ", - ამბობს ილია გეფერიძე.
ტყავის აქსესუარების მწარმოებელი კომპანია "გეფერინი" ქართულ ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანიის ვებგვერდიდან ჩანს, რომ ჩანთებისა და აქსესუარების ღირებულება ₾30-დან იწყება და, ამჟამად, ₾329-მდე მერყეობს. საერთაშორისო ბაზარზე კი მათი პროდუქცია $27-დან $200-მდე ღირს.