ვაქცინის შემოტანის ვადების გადაწევის მიზეზი პრაქტიკულად უცნობია - ამის შესახებ BM.GE-თან ჯანდაცვის ექსპერტმა ქეთი ჩხარტიშვილმა განაცხადა. როგორც ის ამბობს, მთავრობის მთავარი მინუსი კომუნიკაციის დაბალი ხარისხია, რაც მათ არაერთი პრობლემის წინაშე აყენებს. ჩხარტიშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია იმ მიზეზების განმარტება, თუ რამ გამოიწვია ვაქცინის შემოსვლის ვადის გადაწევა. ცნობილია რომ ტექნიკური ხარვეზია, მაგრამ რა სახის ეს არც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგებლებისთვის და არც საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის, შესაბამისად, კითხვებიც ბევრია.
“ის რაზეც პანდემიის დასაწყისიდან არის საუბარი და წელიწადია არ გამოსწორებულა, ეს არის კომუნიკაცია. რაც უფრო მეტი პასუხგაუცემელი კითხვა არის, ვაქცინის დაგვიანების მიზეზი იქნება ეს თუ რომელი ვაქცინა შემოდის, ეს ყველაფერი შესაძლებელია რომ მოსახლეობას აეხსნას იმ ფორმით, რომ არავის სპეკულირების საშუალება არ ჰქონდეს და მეორე რაც უფრო უფრო მეტი პასუხგაუცემელი კითხვაა, მით უფრო მეტია შეთქმულების თეორია. ამას თუ რაღაცნაირად არ შევეწინააღმდეგეთ, მარტო სოციალურ მედიაში ექსპერტების მცდელობა, რომ ახსნა-განმარტებები გაკეთდეს და მოსახლეობას ინფორმაცია ასე მიეწოდოს, არაა საკმარისი.
მთლიანად მთავრობის მიდგომა ამ თვალსაზრისით, არ ვიცი, რითი ავხსნა, მაგრამ ფაქტია, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მინუსია. ამიტომ ძალიან რთულია ავხსნა ვაქცინის შემოტანის ვადის გადაწევა ობიექტურ თუ სიბიეტურ მიზეზებთან არის დაკავშირებული. პრაქტიკულად მიზეზი არ ვიცით. ის რომ ტექნიკური ხარვეზის გამო გადაიდო გავიგეთ, მაგრამ ტექნიკური ხარვეზი მიმწოდებლისაა თუ მიმღების უცნობია, თუ საბაჟოზე დგას და ვერ განვაბაჟეთ, მიზეზი ბევრია", - აცხადებს ჯანდაცვის ექსპერტი ქეთი ჩხარტიშვილი.
ცნობისთვის: ბოლო პერიოდში ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ საქართველოში ვაქცინის პირველი დოზები თებერვლის ბოლომდე შემოვიდოდა.


























