მეტროსადგურ „ვარკეთილის“ დღეიდან 45 დღით იკეტება. მიზეზი დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებია. თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროს რეაბილიტაციის პერიოდში, დროებით, დამატებითი მარშრუტი N174 ავტობუსი მგზავრებს უახლოეს "სამგორის" მეტროსადგურამდე გადაიყვანს. ამის შესახებ 10 ივლისს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
"მგზავრთა მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, ჯავახეთისა და ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩების გადაკვეთიდან დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტი N174, რომელიც მგზავრებს უახლოეს მეტროსადგურამდე გადაიყვანს.N174 ავტობუსი იმოძრავებს წრიულად, მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიამდე და პირიქით", - ნათქვამია თბილისის მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.
10 ივლისის მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერმა მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ სხვანაირად მსგავსი ტიპის სამუშაოების წარმოება ვერ მოხერხდება"
„როგორც მთავრობის წინა სხდომაზე აღვნიშნე, მეტროსადგური „ვარკეთილი“ სარეაბილიტაციო სამუშაოების მოცულობისა და ტექნოლოგიური სპეციფიკის გათვალისწინებით, მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სამუშაოების ვადების შემცირების მიზნით, 12 ივლისიდან 45 დღით წყვეტს მომსახურებას. ამ პერიოდში შესაბამისი პროექტის ფარგლებში, გაიწმინდება და დამუშავდება ჭერის კოროზირებული/დაზიანებული ზედაპირები, მოხდება თაღის მიღმა არსებული სიცარიელეების შესაბამისი ტექნიკური ხსნარებით შევსება. ასევე, თაღის ტემპერატურული ღარების/ნაკერების ჰერმეტიზაცია მიწისქვეშა წყლების ჟონვის პრევენციისთვის. რეაბილიტაცია ჩაუტარდება დახრილ საესკალატორო გვირაბში თუჯის სამაგრ დეტალებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ უშუალოდ განახლდება მოსაპირკეთებელი სამუშაოები, რომლის დასრულებაც დაგეგმილია მიმდინარე წლის შემოდგომაზე.




























