თბილისის მერი და "ოცნების" მერობის კანდიდატი კახა კალაძე, ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესებს გაეცნო.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ხორციელდება ქვედა ბაქნის რკინაბეტონის თაღისა და დახრილი გვირაბის თუჯის სამაგრების გამაგრება, რაც ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს რეკომენდაციებით არის გათვალისწინებული.
„მიმდინარეობს მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია. სადგური დღეს მგზავრებს ვერ ემსახურება, რადგან გადავწყვიტეთ, 45 დღის განმავლობაში დაკეტილიყო. ის გადაუდებელი სამუშაოები, რაც ახლა მიმდინარეობს, აგვისტოს ბოლოს დასრულდება და შეძლებს მგზავრთა მიღებას. მთლიან რეაბილიტაციას კი წლის ბოლომდე დავასრულებთ,“ - განაცხადა კალაძემ.
სარეაბილიტაციო პროცესის ფარგლებში იგეგმება დაზიანებული ზედაპირების გაწმენდა, თაღის მიღმა არსებული სიცარიელეების ტექნიკური ხსნარებით შევსება და ტემპერატურული ღარების ჰერმეტიზაცია მიწისქვეშა წყლების ჟონვის პრევენციისთვის.
კალაძის თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობით სხვა მეტროსადგურების განახლებაზეც გამოცხადებულია ინტერესთა გამოხატვა, რაც მოლოდინით უცხოურ კომპანიებსაც დააინტერესებს.
მეტროსადგური „ვარკეთილი“ 12 ივლისიდან 45 დღით დაიკეტა.




























