მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვარშავაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა - რამდენს ვყიდით ამ ბაზარზე?

ღვინო

მიმდინარე კვირაში ვარშავაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფესტივალს, რომელიც პოლონეთის ღვინის ბაზარზე პოპულარობით სარგებლობს, ტრადიციულად ათასობით ღვინის მომხმარებელი, ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები, ჰორეკა სექტორის და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, რომელმაც ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. პოლონეთის ბაზარზე ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიის წარმართვის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო კომპანიასთან „People PR” 2022 წლიდან თანამშრომლობს.

აღნიშნულ პერიოდში პოლონეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის სტაბილური ზრდა ფიქსირდება. 2025 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, პოლონეთში ქართული ღვინის ექსპორტმა 4,7 მლნ ლიტრი შეადგინა, ზრდამ, 2024 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, 15%-ს მიაღწია“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

BM.GE დაინტერესდა, თუ რა რაოდენობა ღვინოს ვყიდით პოლონურ ბაზარზე.

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, წელს, იანვარ-ივლისში საქართველომ პოლონეთში 4 141 745 ლიტრი ღვინო გაყიდა, საიდანაც $10 მლნ-ის შემოსავალი მიიღო. მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გაყიდული ღვინის მოცულობა 3 683 491 ლიტრს შეადგენდა, ხოლო მიღებული შემოსავალი $9 მლნ-ს უდრიდა.

მოცემული სტატისტიკური მონაცემებიდან დგინდება, რომ წელს საქართველოს პოლონეთში ექსპორტი 11.1%-ით გაეზარდა, ხოლო გაყიდული მოცულობა 12.4%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება იმპორტს, ღვინის იმპორტი პოლონეთიდან არ ფიქსირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები