მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვაშინგტონიდან ბაქოსა და ერევანში მაღალი დონის ვიზიტი იგეგმება, საქართველო დღის წესრიგში არაა| ხიდაშელი

თინა ხიდაშელი

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის ინფორმაციით, აშშ-დან სომხეთსა და აზერბაიჯანში მაღალი დონის ვიზიტი იგეგმება, მაგრამ საქართველო, ჯერჯერობით, დღის წესრიგში არ არის. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც ჟურნალისტის ერთ-ერთი კითხვა ანაკლიის პორტის პროექტის მომავალთან დაკავშირებულ უახლოეს ინფორმაციას შეეხებოდა.

თინა ხიდაშელმა „წერტილთან“ ინტერვიუში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ანაკლიის პორტის სტრატეგიულ მნიშვნელობას და ის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროექტს შეადარა.

„ლევან დავითაშვილის [ეკონომიკის მინისტრის] თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ანაკლიის თემაზე, საქართველოს [ხელისუფლების[ მხრიდან, მგონი, საჯაროდ არაფერი თქმულა აქა-იქ ჩვენი პარტნიორები პერიოდულად ახსენებენ ანაკლიის თემას - ხან ხელისუფლებას უგზავნიან კითხვებს ან ჩვენ გვეკითხებიან, აინტერესებთ რა ვითარებაა და რა განვითარება შეიძლება ჰქონდეს“, - ამბობს თინა ხიდაშელი.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი რეგიონში მოსალოდნელი გეოპოლიტიკური ცვლილებების შესახებაც საუბრობს და ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ საქართველო შესაძლოა, მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროცესების მიღმა დარჩეს.

- ამასობაში წამოგვეწია სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის კვალობაზე TRIPP-ის პროექტი [TRIPP სამშვიდობო შეთანხმებაა, რომელსაც სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხელი აშშ-ში 2025 წლის 8 აგვისტოს მოაწერეს], რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა ჩვენს რეგიონში. არის ინფორმაცია, რომ შეიძლება ძალიან მაღალი დონის ვიზიტი განხორციელდეს ვაშინგტონიდან ერევანსა და ბაქოში, რაც ჩემი აზრით, იქნება ერთგვარი „Game changer“-ი [გარდამტეხი მომენტი] რეგიონში, თუკი საქართველო დარჩა ამ პროცესის მიღმა და ეს ვიზიტი შედგა მხოლოდ ორ ქვეყანაში და არა - სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში; ამიტომ ერთადერთი გავლენის ბერკეტი, კონკურენტუნარიანი ნიშა, რომელიც ამ წუთს საქართველოს უჭირავს, ეს არის ჩვენი სტრატეგიული გეოგრაფია, რომლის საბოლოო პუნქტი არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, როგორც შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს დასავლეთთან, კონსტანცასთან დამაკავშირებელი სივრცე, ხომ?! ამიტომ შიდა პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, თუ მოვახერხეთ, სხვათა შორის, ბევრი ექსპერტისთვის მოულოდნელად, საკმაოდ სწრაფად მოძრავ მატარებელზე შეხტომა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ფუნდამენტურად ახალი, სტრატეგიული, გეოგრაფიული ხედვის ჩამოყალიბებას ემსახურება, მაშინ ანაკლიაც აშენდება და, სავარაუდოდ, მეტ-ნაკლებად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამშვიდობოზე ვიქნებით. როგორც თავის დროზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანმა გადაგვარჩინა - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით - აი, ამ მილმა, რომელიც ჩაიდო ჩვენს მიწაში, ჩვენი უსაფრთხოება, ფაქტობრივად, სრულად წამოიკიდა და ზურგით ატარა, დაახლოებით, იგივე ფუნქციას შეასრულებს ანაკლია. თუ დროის ამ მომენტში ვერ მოვახერხეთ ამ ფანჯრის გამოყენება [ევროკავშირის ფანჯრის არ იყოს] კიდევ როდის გაიხსნება ახალი ფანჯარა, რთულად წარმოსადგენია.

- ხომ არ ფლობთ უფრო მეტ ინფორმაციას, ვისი ვიზიტი იგეგმება სომხეთ-აზერბაიჯანში ვაშინგტონიდან და როდის?

- ჯერჯერობით, თავს შევიკავებ, თუმცა ძალიან მაღალი დონის ვიზიტზე არის საუბარი და ამ წუთის მდგომარეობით, საქართველო არ არის დღის წესრიგში, მხოლოდ ბაქო და ერევანია...

- წერტილი რას დავუსვათ ამ ქვეყანაში?

- უკანონობას და გაუსაძლის პესიმიზმს უნდა დავუსვათ წერტილი. ქვეყნის შენება უნდა დავიწყოთ თავიდან, თორემ იმდენად დინამიკურ დროში ვცხოვრობთ და ისე სწრაფი ტემპით შეიძლება ჩაგვიაროს დროის მატარებელმა, რომ შეიძლება, ვერასოდეს დავეწიოთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები