აშშ-ის ომის მდივნის, პიტ ჰეგსეთის განცხადებით, შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ისტორიულად უმაღლეს ნიშნულზეა.
როგორც ჰეგსეთი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრა მეგობრულ და წარმატებულ ატმოსფეროში გაიმართა, რის შედეგადაც მხარეები მშვიდობის, სტაბილურობისა და ურთიერთპატივისცემაზე შეთანხმდნენ.
მისივე თქმით, მხარეები შეთანხმდნენ ასევე სამხედრო კომუნიკაციის არხების შექმნაზე, რაც შესაძლო კონფლიქტების დეესკალაციასა და ურთიერთგაგების გაღრმავებას ისახავს მიზნად.
„ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს და ვთანხმდებით, შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთი კარგი. სამხრეთ კორეაში პრეზიდენტ ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრის შემდეგ, ასევე პოზიტიური შეხვედრა მქონდა ჩემს კოლეგასთან, ჩინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან, ადმირალ დონგ ჯუნთან მალაიზიაში. გუშინ ღამით კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ. ადმირალი და მე ვეთანხმებით, რომ მშვიდობა, სტაბილურობა და კარგი ურთიერთობები ჩვენი ორი დიდი და ძლიერი ქვეყნისთვის საუკეთესო გზაა. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, მისმა ისტორიულმა „დიდი ორეულის შეხვედრამ“ აშშ-ისა და ჩინეთისთვის მარადიული მშვიდობისა და წარმატების ტონი შექმნა. ომის დეპარტამენტი იმავეს გააკეთებს – მშვიდობა ძალით, ურთიერთპატივისცემითა და პოზიტიური ურთიერთობებით. ადმირალ დონგთან ერთად ასევე შევთანხმდით, რომ უნდა შევქმნათ სამხედრო არხები კონფლიქტის დეესკალაციისა და ნებისმიერი წარმოშობილი პრობლემის დეესკალაციისთვის. მალე ამ თემაზე კიდევ ბევრი შეხვედრა გვექნება. ღმერთმა დალოცოს როგორც ჩინეთი, ასევე აშშ“, – წერს პიტ ჰეგსეტი X-ში.
I just spoke to President Trump, and we agree — the relationship between the United States and China has never been better. Following President Trump’s historic meeting with Chairman Xi in South Korea, I had an equally positive meeting with my counterpart, China’s Minister of…
— Pete Hegseth (@PeteHegseth) November 1, 2025




























