კახეთში ვაშლატამას კრეფა აქტიურ ფაზაშია, თუმცა მწარმოებლები წელს პროდუქტის დაბალ ფასსა და რეალიზაციის სირთულეებზე საუბრობენ. მეღვინეობა „ანაბერიკას“ დამფუძნებელი ანა ბერიკაშვილი, რომელიც პარალელურად 4 ჰექტარ ვაშლატამის ბაღსაც ფლობს, BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ აცხადებს, რომ გასულ წელთან შედარებით ვაშლატამას ფასი განახევრებულია.
მისი შეფასებით, ამის მთავარი მიზეზი რუსეთის ბაზარზე ექსპორტის შემცირებაა.
„ვაშლატამას კრეფა უკვე დაწყებულია. წელს პროდუქტის ფასი ძალიან დაბალია, რადგან რუსეთში არსებული ვითარების გამო გაყიდვები შემცირდა, შესაბამისად, შემცირდა ფასიც. კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ერთ ბაზარზე დამოკიდებულება არ შეიძლება“, - ამბობს ბერიკაშვილი.
მისი თქმით, ფერმერებისთვის მთავარი გამოწვევა სწორედ ის არის, რომ დიდი მოცულობის ვაშლატამასთვის რუსეთის გარდა ალტერნატიული ბაზრები პრაქტიკულად არ არსებობს.
„მე 4 ჰექტარი ვაშლატამას ბაღი მაქვს, თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც 10-15 ჰექტარი აქვთ. ამ მოცულობის პროდუქტის მთავარი ბაზარი დღეს რუსეთია. საქართველოში არც იმდენი გადამმუშავებელი საწარმოა, რომ ეს რაოდენობა აითვისოს. ვაშლატამა ისეთი პროდუქტია, რომლის დიდხანს შენახვაც შეუძლებელია, ამიტომ იძულებული ხარ, იმ ფასად გაყიდო, რაც იმ მომენტში არის. გასულ წლებთან შედარებით ფასი განახევრებულია და ზოგ შემთხვევაში კიდევ უფრო დაბალია“, - ამბობს იგი.
მიუხედავად დაბალი ფასისა, მწარმოებლის თქმით, წელს ვაშლატამის ხარისხი კარგია: „მე იტალიური ჯიში მაქვს, რომელიც სიცხეს კარგად უძლებს და ამ ეტაპზე მორწყვასაც არ საჭიროებს. ხარისხის მხრივ ვაშლატამა ძალიან კარგია“, - აცხადებს ბერიკაშვილი.
მისივე შეფასებით, ხილის მწარმოებლებისთვის დამატებით გამოწვევას კლიმატური რისკები და მზარდი წარმოების ხარჯებიც წარმოადგენს.
„ყოველ წელს იზრდება მცენარეთა დაცვის საშუალებებისა და სხვა დანახარჯების ღირებულება, თუმცა ხილის ფასი იგივე ტემპით არ იზრდება. ამას ემატება ამინდის ფაქტორი - სეტყვა, ძლიერი წვიმა და სხვა ბუნებრივი მოვლენები, რომლებზეც ფერმერს გავლენა არ აქვს“, - ამბობს ის.
ანა ბერიკაშვილის განცხადებით, სექტორის მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელია როგორც საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, ისე ახალი კულტურებისა და გადამმუშავებელი საწარმოების განვითარება, რათა მწარმოებლები ერთ ბაზარზე აღარ იყვნენ დამოკიდებული.




























