მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვაშლის მოსავლის რეალიზაცია შეფერხებით მიმდინარეობს - „ქანდა აგრიქალჩერი“ გამოწვევებზე

ვაშლი

აგროკომპანია „ქანდა აგრიქალჩერი“ აცხადებს, რომ წლევანდელი ვაშლის მოსავლის რეალიზაცია შეფერხებით მიმდინარეობს. კომპანიის წარმომადგენელი, თამარ ბერულავა BM.GE-სთან ამბობს, რომ პროდუქციის დიდი ნაწილი ჯერაც დასაწყობებულია და გაყიდული არ არის.

მისივე ინფორმაციით, ვაშლის რეალიზაციის გაჭიანურება კლიმატურ პირობებს უკავშირდება, რამაც მოსავალი დააზიანა.

„ავიღეთ ვაშლის მოსავალი, თუმცა რეალიზაცია შედარებით რთულია. მოსავალი დასაწყობებულია და ამ ეტაპზე, არ გვაქვს გაყიდული. ახლა დაიწყო სახელმწიფოს მიერ არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროგრამა, თუმცა მოთხოვნა ისეთი არ არის, როგორიც გვსურს - უკეთესს ვისურვებდით“, - განმარტავენ კომპანიაში.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუ სად მოხდება მოსავლის განთავსება. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, სავარაუდოდ ვაშლის გარკვეული ნაწილი გადამმუშავებელ ქარხანაში ჩაბარდება, ხოლო ნაწილი კვლავ დასაწყობდება.

გარდა ვაშლისა, კომპანიამ ატმის და ვაშლატამას მოსავალიც აიღო. როგორც ცნობილია, წელს მხოლოდ 4.5 ტონა ვაშლატამას აღება მოხერხდა, ხოლო დანარჩენი მოსავალი ყინვებს შეეწირა.

„ქანდა აგრიქალჩერი“ 2021 წელს დაფუძნდა და მის მფლობელობაშია 200 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი სოფელ ქანდაში, საიდანაც ამჟამად 110 ჰექტარია ათვისებული. ტერიტორიაზე გაშენებულია ნუშის, ატმის, ვაშლის, მსხლის, ქლიავის, ბლისა და გარგარის ბაღები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები