მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვაშლის წარმოების საკითხებზე სამინისტროში დარგობრივი საბჭო შეიქმნება - დავით სონღულაშვილის ინიციატივა

ვაშლი

სოფლის მეურნეობის მინისტრის ინიციატივით, უწყებაში ვაშლის წარმოების საკითხებზე დარგობრივი საბჭო შეიქმნება. ეს ინიციატივა დავით სონღულაშვილმა ვაშლის მწარმოებელ ფერმერებთან და ექსპორტიორებთან შეხვედრისას წარადგინა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, საბჭოს ამოცანა სექტორის გამოწვევებისა და საჭიროებების გამოვლენა, სიახლეების გაცნობა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა იქნება. საბჭოს შეხვედრები ყოველთვიურად, მინისტრის მოადგილის კურატორობით, ხოლო კვარტალში ერთხელ უშუალოდ დავით სონღულაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართება.

მინისტრის განცხადებით, ვაშლის სექტორის განვითარება მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყნის შიდა ბაზრისთვის ვაშლი სტრატეგიულ და ასევე მზარდი საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტს წარმოადგენს.

„განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სისტემატური შეხვედრები ფერმერებთან, რათა სწორად იყოს იდენტიფიცირებული ყველა ის გამოწვევა, რომელიც შესაძლებელია არსებობდეს ამა თუ იმ მიმართულებით. შეხვედრები მოგვცემს შესაძლებლობას, დავიჭიროთ თადარიგი და შესაბამისი რეაგირებები მოვახდინოთ გამოწვევებთან მიმართებით“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საბჭოს ფორმატით მუშაობა მნიშვნელოვნად გაზრდის ფერმერის ინტერესების გათვალისწინებას და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორის განვითარების ხელშემწყობი პროექტების ეფექტიანი დიზაინის შექმნას.

გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ვაშლის წარმოება ბოლო წლებში სტაბილურად მზარდი ტენდენციით გამოირჩევა და ქვეყნის აგროსექტორში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება. წარმოება ძირითადად კონცენტრირებულია შიდა ქართლში, რომელიც ლიდერი რეგიონია, თუმცა მნიშვნელოვანი წილი მოდის მცხეთა-მთიანეთსა და კახეთზე. „რეგიონების დივერსიფიკაცია მიუთითებს იმაზე, რომ ვაშლის წარმოება თანდათან ფართოვდება და ნაკლებად არის დამოკიდებული ერთ კონკრეტულ ტერიტორიაზე“, - წერია უწყების გავრცელებულ პრესრელიზში.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ექსპორტის მიმართულებით ვაშლი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია. 2025 წელს ექსპორტის მოცულობამ დაახლოებით 20.6 ათასი ტონა, ხოლო საშუალო საექსპორტო ფასმა - დაახლოებით 0.68 დოლარი/კგ შეადგინა. შესაბამისად, 2025 წელს ექსპორტის საერთო ღირებულება, დაახლოებით, 14 მილიონი დოლარი იყო. ძირითადი საექსპორტო ბაზრებია რუსეთი, თურქეთი, სომხეთი და ყაზახეთი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე, ლაშა ავალიანი. სამინისტროს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი პირები და სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები