მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

VASP-ების ახალი რეგულაციები, ბარიერი განსაკუთრებით დამწყები კომპანიებისთვის იქნება - ლუკა ლომსაძე

ბიტკოინი კრიპტო

კრიპტო აქტივების მომსახურე პროვაიდერების საქმიანობაზე ზედამხედველობა მკაცრდება. პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა ცვლილებები, რომლის მიხედვით, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საქმიანობა სრულად ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ ექცევა. ცენტრალურ ბანკს შეეძლება მათ შორის ვირტუალური აქტივების მომსახურე კომპანიებს მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნა დაუდგინოს.

სპეციალისტების შეფასებით, ახალი რეგულატორული ცვლილებები ფაქტობრივად იდენტურია იმ კანონმდებლობის, რომელიც ევროკავშირში მოქმედებს. Ficus Verify-ს დამფუძნებლის ლუკა ლომსაძის თქმით, ის გარკვეულ ხარჯებს უკავშირდება და განსაკუთრებით მცირე ზომის კომპანიებისთვის არც ისე მარტივი შესასრულებელი შეიძლება იყოს.

„მე დღესდღეობით საქართველოში უშუალოდ VASP-ის წარმომადგენელი არ ვარ. მე წარმოვადგენ პროგრამული უზრუნველყოფის მარეგულირებელ კომპანიას, Focus Verify-ს, რომელიც ეხმარება კომპანიებს კლიენტების იდენტობის ვერიფიკაციაში.

რეგულაციების დამატება ნიშნავს, რომ ბაზარზე არსებული მოთამაშეებისთვის იზრდება ხარჯები. 2023 წლიდან, რაც ეროვნულმა ბანკმა VASP-ების რეგისტრაციის წესი დაამტკიცა, კომპანიების სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილი, დაახლოებით 20-40%, რეგულატორის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე მოდის. ეს, რა თქმა უნდა, ზრდის საოპერაციო დანახარჯებს, რაც საბოლოოდ მომხმარებელზე აისახება მაღალი საკომისიოების სახით.

დამატებითი მოთხოვნები, განსაკუთრებით კაპიტალის ნაწილში, კიდევ უფრო გაართულებს სიტუაციას. ეს მე პირადად მაგონებს ევროკავშირის MiCA (Markets in Crypto-Assets) რეგულაციას, რომელიც ასევე ითვალისწინებს გარკვეული ტიპის კაპიტალის არსებობას. MiCA-ს რეგულაციით, საწყისი კაპიტალი შეიძლება 50,000-დან 150,000 ევრომდე მერყეობდეს, მომსახურების ტიპიდან გამომდინარე.

საქართველოს ბაზარი, ევროკავშირის ბაზართან შედარებით, ძალიან მცირეა. ჩვენთან დაახლოებით 300,000-350,000 მომხმარებელია, რომელსაც 30-მდე VASP-ი ემსახურება. ეს ისედაც ქმნის დიდ კონკურენციას. ახალი, მკაცრი რეგულაციები, განსაკუთრებით დამწყები კომპანიებისთვის, სერიოზული ბარიერი იქნება. მათ გაუჭირდებათ ერთდროულად კარგი სერვისის შეთავაზება, კონკურენტული ფასების შენარჩუნება და რეგულატორის მოთხოვნების დაკმაყოფილება”,-აცხადებს ლუკა ლომსაძე.

ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერზე ეროვნული ბანკის ზედამხედველობა დღეის მდგომარეობით შემოიფარგლება ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქმიანობის რეგისტრაციითა და რეგისტრაციის გაუქმებით, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით შემოწმებითა და რეგულირებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები