ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების ასოციაცია FITA საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 13 კომპანიის დაჯარიმებასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება და განმარტავს, რომ სანქციები კომპანიებს ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული დარღვევებისთვის არ დაკისრებიათ.
ასოციაციის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა ბანკმა საკითხის „ტექნიკური ბუნების“ შესახებ უკვე გააკეთა განმარტება, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე საჭიროდ მიიჩნია დამატებითი განმარტების გაკეთება.
"მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა ბანკმა უკვე მკაფიოდ განმარტა დარღვევის ტექნიკური ბუნების შესახებ, საზოგადოებისა და მომხმარებლების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს ჩვენც ავხსნათ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების (VASP) დაჯარიმებასთან დაკავშირებული რეალური ვითარება, რათა თავიდან ავიცილოთ მედიაში გავრცელებული არასწორი ინტერპრეტაციები.
მედიის ნაწილმა ეროვნული ბანკის მიერ კომპანიების დაჯარიმების ფაქტი გააშუქა სენსაციურ ჭრილში, რაც საზოგადოებას უქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, თითქოს აღნიშნულმა კომპანიებმა უშუალოდ „ფულის გათეთრების“ მიმართულებით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინეს ან სერიოზული ფინანსური სანქციები დაეკისრათ. დაჯარიმებულ 13 კომპანიას შორის რამდენიმე ასოციაციის წევრია.
რეალური ვითარება:
საქმე ეხება ყოველდღიურ საქმიანობაში ოპერაციულ/პროცედურულ დარღვევას. ეს არის მუდმივი სამუშაო პროცესი და მკაცრი ვადები, კერძოდ:
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღსაკვეთად, სექტორსა და ზედამხედველს (ფინანსური მონიტორინგის სამსახური) შორის მოქმედებს უწყვეტ რეჟიმში მომუშავე საკომუნიკაციო არხები. პროცედურის მიხედვით, ზედამხედველისგან კონკრეტული მონაცემების გამოთხოვის შემთხვევაში, კომპანიებს ეძლევათ კანონმდებლობით დადგენილი ვადა (2 დღე) საპასუხო ინფორმაციის მისაწოდებლად. ეს არის ჩვეულებრივი, ყოველდღიური სამუშაო რეჟიმი.
მრავლობით შეტყობინებასა და მოთხოვნას შორის, ცალკეულ კომპანიებში დაფიქსირდა პროცედურული ხასიათის დაგვიანება (პასუხის გაგზავნის დროის ვადის გადაცილება). სწორედ ამ საინფორმაციო ვადის დარღვევისთვის დააკისრა ეროვნულმა ბანკმა კომპანიებს 3,000 – 6,000 ლარიანი ჯარიმა.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ 3,000-ლარიანი ჯარიმა ექცევა მინიმალურ ადმინისტრაციულ სანქციებში. უშუალოდ ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის სისტემურ დარღვევებზე საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, საქმიანობის შეჩერებას ან ავტორიზაციის გაუქმებას.
დამატებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უკვე განმარტა ოფიციალურად, რომ დაკისრებული სანქციების ერთადერთი მიზეზი საკომუნიკაციო/საინფორმაციო მოთხოვნებზე ინფორმაციის წარუდგენლობა ან ვადის გადაცილებაა.
კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ არცერთ კომპანიას არ ჩაუდენია ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების ან მომხმარებელთა ინტერესების დაზიანებისკენ მიმართული ქმედება, რასაც ადასტურებს თავად ეროვნული ბანკის განცხადებაც.
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერები განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს ეროვნულ ბანკთან და ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან. ყველა კომპანია აქტიურად მუშაობს შიდა საინფორმაციო და ტექნიკური სისტემების დახვეწაზე, რათა მომავალში მცირე დროით დაგვიანებებიც კი გამოირიცხოს,"- ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა BM.GE-ს განუმარტა, რომ ვირტუალური აქტივების მომსახურების 13-ვე პროვაიდერი ფულის გათეთრების აღკვეთის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევისთვის მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობის ან დაგვიანებით წარდგენის გამო დაჯარიმდა.
ეროვნული ბანკის განმარტებით, უწყება საკუთარი მანდატის ფარგლებში, რისკზე დაფუძნებული მიდგომის შესაბამისად, რეგულარულად ახორციელებს რეგულირებული სუბიექტების, მათ შორის VASP-ების ზედამხედველობას, ხოლო გამოყენებული საზედამხედველო ზომების შესახებ ინფორმაციას სისტემატურად აქვეყნებს.




























