მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვატიკანში, პაპ ფრანცისკეს შთაგონებით, პირველი ეკოლოგიური საგანმანათლებლო ცენტრი გაიხსნება

რომი

ვატიკანი, პაპ ფრანცისკეს ეკოლოგიური მემკვიდრეობის გასაგრძელებლად, პირველ საგანმანათლებლო ცენტრს ხსნის. მდგრადი ფერმერობის, პროფესიული მომზადებისა და გარემოსდაცვითი ცოდნის გაზიარების უტოპიური ექსპერიმენტი ალბანოს ტბაზე, პაპის რეზიდენციის ტერიტორიაზე ჩატარდება და ყველა ასაკის მოსწავლეს მიიღებს.

საგანმანათლებლო ცენტრს ოფიციალურად გახსნის პაპი ლეონ XIV, რომელიც თავადაც იზიარებს პაპ ფრანცისკეს ხედვას, ღვთის შემოქმედებაზე ზრუნვის აუცილებლობის შესახებ. ის დაათვალიერებს კასტელ განდოლფოს აყვავებულ ბაღებს, ვენახებსა და ფერმას და აღავლენს ლიტურგიას თანამშრომლებისთვის, რომლებიც 2022 წლიდან მუშაობენ ფრანცისკეს ეკოლოგიური ქადაგების პრაქტიკაში გადასატანად.

ოფიციალური გახსნის შემდეგ, საშუალო სკოლებს აქ სასწავლო ექსკურსიების ჩატარება შეეძლებათ, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები ორგანულ ფერმერობას შეისწავლიან. ხელმისაწვდომი იქნება ერთკვირიანი კურსები რეგენერაციულ სოფლის მეურნეობაზეც.

პროექტი პაპ ფრანცისკეს 2015 წლით დათარიღებული ენციკლიკას გამოძახილია. წერილში პაპი მრევლს პლანეტის მოვლისკენ მოუწოდებდა და ამას “გადაუდებელ და ეგზისტენციალურ მორალურ საზრუნავს” უწოდებდა, რომელიც, მისი აზრით, პირდაპირაა დაკავშირებული ადამიანურ ღირსებასა და სამართლიანობასთან.

საგანმანათლებლო ცენტრი ელექტროენერგიით სრულად მზის პანელების დახმარებით მომარაგდება, აკრძალული იქნება პლასტმასის გამოყენება, ნულოვანი ნარჩენის მისაღებად კი იმოქმედებს გადამუშავებისა და კომპოსტირების სისტემები. ოფიციალური პირების თქმით, წყლის დაზოგვა და მაქსიმიზაცია მოხდება “ჭკვიანი სარწყავი| სისტემების მეშვეობით, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებენ მცენარეების საჭიროებების დასადგენად, წვიმის წყლის შეგროვებასთან და ჩამდინარე წყლების გამწმენდი და ხელახალი გამოყენების სისტემების მონტაჟთან ერთად.

ვატიკანის პირველი პროფესიული სასწავლებელი მსურველებს ფერმერობასთან ერთად, ღვინის ტექნოლოგიებსა და ზეთისხილის მოყვანას შეასწავლით. ამასთან, ცენტრი სამუშაო ადგილებს შექმნის განსაკუთრებულად მოწყვლადი ჯგუფებისთვის, მათ შორის ოჯახური ძალადობის მხვერპლებისთვის, ლტოლვილებისთვის, რეაბილიტირებული პატიმრებისთვის და სხვა. მოყვანილი პროდუქტი ცენტრის ტერიტორიაზევე გაიყიდება და მოგება საგანმანათლებლო ცენტრში რეინვესტირებისთვის გამოიყენება.

ოფიციალური პირები პროექტის ფინანსურ მხარეზე არ საუბრობენ, თუმცა აღნიშნავენ რომ პარტნიორთა გარკვეულმა რაოდენობამ ჩადო პროექტში ინვესტიცია და ბიზნესგეგმა კონფიდენციალურია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები