მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვატო ქავთარაძე: თუ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა არ შეიცვალა, წლევანდელი AD BLACK SEA შესაძლოა ბოლო ფესტივალი იყოს

ვატო ქავთარაძე

ფესტივალ AD BLACK SEA-ის დამფუძნებელი ვატო ქავთარაძე აცხადებს, რომ თუ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური გარემო არ შეიცვალა, შესაძლოა წლევანდელი ღონისძიება ბოლო იყოს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემაში „საქმიანი დილა“ ისაუბრა.

შეგახსენებთ, 13 სექტემბერს, სასტუმრო შერატონ ბათუმში, კრეატიული ინდუსტრიის მე-9 საერთაშორისო ფესტივალის, Ad Black Sea 2025-ის დახურვის ცერემონიალი და დაჯილდოება გაიმართა. კონკურსანტები სხვადასხვა ქვეყნიდან ერთმანეთს 14 კატეგორიაში (მათ შორის: ბრენდინგი, მდგრადობა, დიზაინი, ციფრული კომუნიკაცია, ფილმი) ეჯიბრებოდნენ. მათ საერთაშორისო ჟიურის 5 გუნდი აფასებდა, რომელიც 20 ქვეყნიდან მოწვეულ 28 წევრს აერთიანებდა. წლევანდელი გრანპრის მფლობელი ქართული სააგენტო Playmakers Georgia გახდა.

ქავთარაძის თქმით, მიმდინარე კონტექსტი და განწყობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს არა მხოლოდ ფესტივალის ორგანიზებაზე, არამედ შემოქმედებით ნამუშევრებზე და მთლიანად ინდუსტრიის განწყობაზე.

„იმ გარემოებების გათვალისწინებით, რა გარემოებაშიც ვიმყოფებით, სამომავლო გეგმების დასახვა საკმაოდ დიდი გამოწვევაა. კონტექსტს და განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სიმართლე ისაა, რომ არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, ეს ფესტივალიც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, რადგან ყველას კარგად გვესმის, რა მდგომარეობაშიც არის ქვეყანა“, - აღნიშნა ქავთარაძემ.

მისივე თქმით, მთავრობის მხრიდან განხორციელებული ზეწოლა და რეპრესიული პოლიტიკა საგრძნობლად აისახა როგორც ფესტივალის მიმდინარეობაზე, ისე მონაწილეთა სათქმელზე.

„ყველა ვიბრძვით სიბნელისა და ბოროტების წინააღმდეგ. სამთავრობო მარწუხებში ვართ მოქცეული. თუ ეს ავტორიტარული და ბოროტი ძალა არ მოსცილდა ამ ქვეყანას, ვვარაუდობ, რომ ეს ფესტივალი იქნება ბოლო“, - თქვა მან.

ქავთარაძე იმედს გამოთქვამს, რომ ბრძოლა უკეთესი მომავლისთვის გაგრძელდება და ამის ფარგლებში ფესტივალიც კვლავ იარსებებს: „ბოლომდე ვიბრძოლეთ, გავთავისუფლდებით და მოვახერხებთ, რომ ეს ქვეყანა დავიბრუნოთ. ეს ფესტივალიც ერთ-ერთი ფორმაა, რისთვისაც გვინდა ეს ქვეყანა - იმ ნათელი და შემოქმედებითი ენერგიისთვის, რომლისთვისაც წარმოგვიდგენია საქართველო“, - აცხადებს ქავთარაძე.

მისივე შეფასებით, უცხოელი სტუმრებიც ამჩნევდნენ ქვეყანაში არსებულ დაძაბულობას: „ნამუშევრების უმეტესობა იმაზე იყო, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში ვართ. უამრავი ჩვენი კოლეგა, მეგობარი თუ უბრალოდ მოქალაქე დაპატიმრებულია, დაჯარიმებულია და ათასგვარ რეპრესიაშია გატარებული“.

AD BLACK SEA ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალია კრეატიული ინდუსტრიისთვის რეგიონში, რომელიც წლიდან წლამდე საერთაშორისო აღიარებასაც იმსახურებს. ქავთარაძის თქმით, სწორედ მსგავსი ინიციატივებია ის კონსტრუქციული ფორმები, რომლებიც ქვეყნის შინაარსს ქმნის და მის მომავალზე მეტყველებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები