მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვავითარებთ პროფილაქტიკური პურების ასორტიმენტს" - "იფქლი დიღომი"

პური

პურის მწარმოებელი კომპანია „იფქლი დიღომი“ წარმოების გაფართოებას და პროდუქციის დივერსიფიკაციას აგრძელებს. BM.GE-სთან საუბარში კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა სოფიო ბედიაშვილმა განაცხადა, რომ ზრდა ერთდროულად როგორც ბაზრის გაფართოებას, ისე პროდუქციის ახალი მიმართულებების განვითარებას უკავშირდება. მისი თქმით, კომპანიის ზრდა ნაწილობრივ „ინერციულადაც“ მიმდინარეობს, რადგან ქსელური მარკეტების გაფართოება პირდაპირ აისახება გაყიდვების მოცულობაზე.

„მაღაზიები, რომელსაც ვემსახურებით, მუდმივად ემატება, შესაბამისად, წარმოებაც პროპორციულად იზრდება. პარალელურად, ვავითარებთ სხვადასხვა მიმართულებას, განსაკუთრებით პროფილაქტიკური პურების ასორტიმენტს“, - აღნიშნა ბედიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, კომპანია უკვე ჩართულია მსოფლიო ჯანდაცვის პროგრამაში და ოფიციალურად გახდა მისი წევრი, რაც ბიოპროდუქტების მიმართულების განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის. „დღეს ბიოპროდუქტები განსაკუთრებით აქტუალურია და ამ მიმართულებით აქტიურად ვვითარდებით“, - განაცხადა მან.

ბედიაშვილის თქმით, „იფქლი დიღომმა“ კიდევ ერთი ახალი ნაბიჯი გადადგა და დაიწყო ქართული, ადგილობრივი და აუთენტური ხორბლის ჯიშების გამოყენებით პურის წარმოება. კომპანიის ერთ-ერთ მთავარ სიახლეს წარმოადგენს პური, რომელიც დამზადებულია უძველესი ქართული ხორბლის ჯიშის - „ლომთაგორას“-გან.

„ეს ჯიში ბიომეთოდებით მოჰყავთ და ძალიან მცირე რაოდენობით არის ხელმისაწვდომი. ამ პურმა ბაზარზე განსაკუთრებული გამოხმაურება მიიღო - 35-წლიან ისტორიაში ასეთი დადებითი უკუკავშირი არცერთ პროდუქტზე არ გვქონია. მომხმარებლები თავად გვიკავშირდებიან და სხვადასხვა უბნიდან მოდიან, რომ ეს პური შეიძინონ“, - აღნიშნა ბედიაშვილმა.

მისივე თქმით, კომპანია გეგმავს ქართული ხორბლის სხვა უძველესი ჯიშების განვითარებასაც და ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერას. როგორც ის განმარტავს, საქართველო კვლავ ნაწილობრივ დამოკიდებულია იმპორტირებულ ფქვილზე, თუმცა კომპანიას სურს ადგილობრივი წარმოების გაძლიერება და ქართული მიწის უფრო აქტიური გამოყენება.

„ჩვენი მიწა ძალიან ნოყიერია და მაღალი ხარისხის ხორბლის მოყვანის დიდი პოტენციალი გვაქვს. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ ფერმერებს, რათა გაიზარდოს ქართული ხორბლის წარმოება და ამ ბაზაზე უფრო მეტი უნიკალური პური შეიქმნას“, - განაცხადა სოფიო ბედიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები