მთავრობა რომ იპოთეკური სესხების სუბსიდირებას გეგმავს, ამ ინფორმაციას დეველოპერების შემდეგ საბანკო სექტორის წარმომადგენლებიც ადასტურებენ. "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი მთავრობასთან მოლაპარაკებების დეტალებზე ჯერ ვერ საუბრობს, სანამ ოფიციალურად მთავრობა დეველოპერული სექტორის მხარდამჭერი პროგრამის პრეზენტაციას არ გამართავს, თუმცა როგორც ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ბანკის პირველი პირი, bm.ge-ისთან ამბობს, რომ გარკვეულ მიმართულებებზე მუშაობა გრძელდება.
ამ ეტაპზე უცნობია იპოთეკურ სესხებს რა დროით და პროცენტის რა ნაწილს დაუფარავს მოქალაქეებს მთავრობა. უცნობია ისიც, რა ვალუტაში არსებულ სესხებზე გავრცელდება სუბსიდია.
„შემიძლია დავადასტურო, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები. მოგეხსნებათ, უძრავი ქონება და ეს ინდუსტრია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი; ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა კრიზისმა შეიძლება ამ სექტორზე მოახდინოს. თუ მოხდება იპოთეკური სესხების წახალისება, ეს ხელს შეუწყობს დეველოპერული პროექტების გაღვიძებას. ჩვენ ამას ვაფასებთ, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას, შესაბამისად, რაც უფრო სწრაფად მოხდება ამ პროექტის დამუშავება... ძალიანს წრაფად მიდის; მიმდინარეობს კონკრეტულ მიმართულებებზე მუშაობა. დეტალები გაჟღერდება ცოტა ხანში“, - აღნიშნა ბუცხრიკიძემ.
იპოთეკური სესხების სუბსიდირების თემაზე bm.ge-მ კითხვა გასულ კვირას ფინანსთა მინისტრსაც დაუსვა. როგორც ივანე მაჭავარიანმა გვიპასუხა, პრეზენტაცია პარასკევს, 22 მაისს უნდა შემდგარიყო, თუმცა ამ დრომდე ზუსტი დრო, როდის გააჟღერებს მთავრობა სუბსიდიის მექანიზმით გათვალისწინებული შეღავათების შესახებ, უცნობია.