მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვახტანგ გომელაური პოლიციის ქალაქის მშენებლობას კიდევ ერთხელ აანონსებს

63f4c5456c826
ინგა მურუსიძე
21.02.23 17:41
822
სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესია პოლიციელებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს მათი საყოფაცხოვრებო პირობები, ასევე, მათ მეტი მოტივაცია და წახალისება ჰქონდეთ - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ 2022-2023 წლებში, სამინისტროს თანამშრომლების ხელფასები მთლიანობაში 30%-ით გაიზარდა. ვახტანგ გომელაურმა „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობაზეც ისაუბრა.

„2022 წლის პირველი იანვრიდან განხორციელდა ჩვენი პოლიციელების, პატრულ-ინსპექტორების, მესაზღვრეების, მეხანძრე-მაშველების და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომლის ხელფასების 10%-ით ზრდა. 2023 წლიდან კი, შტატიანი თანამშრომლების ხელფასი გაიზარდა 20%-ით, ხოლო დანარჩენი თანამშრომლების - 10%-ით, როგორც ყველა სხვა საჯარო უწყების თანამშრომლების. 2022-2023 წლებში, სამინისტროს თანამშრომლების ხელფასები მთლიანობაში 30%-ით გაიზარდა.

ასევე, მინდა ვისაუბრო პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე, რომლის თანახმად, მუშაობა დაიწყო „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. როგორც იცით, ეს „ქალაქი“ აშენდება თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე და პირველ ეტაპზე, 1000-მდე პოლიციელი მიიღებს ბინას. რა თქმა უნდა, ეს იქნება ჩვენი პოლიციელებისთვის მნიშვნელოვანი წახალისება.

სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესია პოლიციელებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს მათი საყოფაცხოვრებო პირობები, ასევე, მათ მეტი მოტივაცია და წახალისება ჰქონდეთ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ინფორმაციისთვის, პოლიციის ქალაქის ასაშენებლად 131.4 მილიონი ლარი დაიხარჯება. ახალი უბანი პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე აშენდება და ის 1,100 ბინაზე იქნება გათვლილი. შესაბამისად, ერთი ბინის სავარაუდო ღირებულება 119,000 ლარით განისაზღვრება.

შსს-ს საკუთრებაში არსებული ტერიტორია 152,921 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები