მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვაჟა-ფშაველაზე ახალი მოდის სახლი გაიხსნა - რას სთავაზობს Mint by Teko მომხმარებელს?

მოდის სახლი

ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ნომერ 63-ში, დიზაინერ თეკო რთველიაშვილის ახალი მოდის სახლი Mint by Teko გაიხსნა. 800 ლარით დაწყებული ბიზნესი ქალბატონებს პრემიუმ ხარისხის, ლიმიტირებულ ტანსაცმლის კოლექციებს სთავაზობს.

ახალი ბრენდი დიზაინერის წინა პროექტის - Mint Atelier-ისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს. როგორც თეკო რთველიაშვილი BM.GE-სთან აღნიშნავს, ახალი ეტაპი პარტნიორისგან გამოყოფისა და რებრენდინგის შემდეგ დაიწყო: „ბაზარზე, დაახლოებით, ხუთი წელია ვარ, თუმცა ბოლო ორი თვეა, რაც საქმიანობას ახალი სახელით - Mint by Teko - ვაგრძელებ. ძველი სახელის ნაწილი - Mint - შევინარჩუნე, რადგან მომხმარებელი ამ სახელით გვცნობდა. ეს ჩემი პროფესიაა და არა მხოლოდ ბიზნესი - ყველაფერს საკუთარი ხელით ვქმნი, დიზაინიდან შეკერვამდე”, - თქვა მან.

დიზაინერი ხაზს უსვამს, რომ Mint by Teko მასშტაბურ წარმოებაზე არ არის ორიენტირებული - თითოეული ნამუშევარი მცირე რაოდენობით იქმნება და ინდივიდუალურად მუშავდება.

„ყველა ტანსაცმელს თავად ვკერავ - პატარა ატელიეში, სადაც მხოლოდ ერთი მეგობარი მეხმარება. კოლექციები განკუთვნილია 30 წლის ზემოთ ქალბატონებისთვის - კლასიკური სტილის, ხარისხიან ქსოვილზე დამზადებული სამოსია. ძირითადად, ნედლეული სტამბოლიდან ჩამომაქვს, რადგან ხარისხი ჩემთვის უმთავრესია“, - აცხადებს თეკო რთველიაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ დიზაინერი პროექტს შემოქმედებით საქმიანობად მიიჩნევს და არა კომერციულ ბიზნესად, მისი თქმით, მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.

„ბევრს მოსწონს ჩვენი პროდუქტი, თუმცა პრემიუმ ხარისხის გამო ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. მომავალში უფრო ხელმისაწვდომი ხაზის გამოშვებასაც ვგეგმავ“, - ამბობს რთველიაშვილი.

თეკო რთველიაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ Mint by Teko-ის მოდელირებასაც თავად უზრუნველყოფს და თავად კერავს: „მოდელი ხმამაღალი სიტყვაა, მაგრამ მე თვითონ ვიცვამ საკუთარ ნამუშევრებს და სწორედ ასე წარვუდგენ მათ მომხმარებელს“.

დიზაინერი მომავალში მამაკაცის ხაზის განვითარებაზეც ფიქრობს, თუმცა ამბობს, რომ ამისთვის შესაბამისი პროფესიონალების მოძიებაა საჭირო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები