„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ვაზიანის აეროპორტის საკონსულტაციო მომსახურებაზე ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულება 261,773 ლარია. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, წინადადებების მიღება 20 მარტს დაიწყება და 22 მარტს დასრულდება.
აეროპორტების გაერთიანება BM.GE-სთან განმარტავს, რომ ეს რეალურად ტექნიკური ჯგუფის შესყიდვის ტენდერია, რომელმაც თავის მხრივ საკონსულტაციო კომპანია უნდა შეარჩიოს.
დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერის მიზანია, შეირჩეს სპეციალიზებული საავიაციო საკონსულტაციო კომპანია, რომელიც შეიმუშავებს ყოვლისმომცველ ტექნიკურ დავალებებს და შემდგომ სამოქმედო ნაბიჯებს გაწერს.
ხელშეკრულების დადებიდან კომპანიას დოკუმენტაციის მომზადებისთვის 3 კვირის ვადა აქვს. შესაბამისად, გამოდის, რომ პროცესი გაზაფხულის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
დოკუმენტის მიხედვით, კომპანია ვალდებული იქნება შეიმუშაოს აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმა და სხვა ტექნიკური კვლევების შეფასება. ასევე, უნდა აწარმოოს კვლევები გარემოზე ზემოქმედების კვლევებსა და სამშენებლო მოედნის მოწყობაზე. გარდა ამისა, კომპანიამ აეროპორტის ინფრასტრუქტურის არქიტექტორული დიზაინიც უნდა შეიმუშაოს.
ტენდერში მონაწილეობისთვის კომპანიას მოცემულ სფეროში მოღვაწეობის გამოცდილება სულ მცირე უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეს. ასევე, საკონსულტაციო კომპანიას უნდა ჰქონდეს ტექნიკურ დავალებაში გათვალისწინებული მიმართულებებით მუშაობის გამოცდილება ან შესაბამისი ტექნიკური დავალების საფუძველზე განსახორციელებელი პროექტირების/დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება.