მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვაზიანის აეროპორტისადმი ინტერესი დიდია" - ქარქაშაძე სააეროპორტო სერვისების მიმწოდებელ კომპანიებს შეხვდა

ქარქაშაძე

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა Passenger Terminal Expo 2024-ის ფარგლებში მსოფლიოს წამყვან სააეროპორტო სერვისების მიმწოდებელ კომპანიებთან შეხვედრები გამართა. ირაკლი ქარქაშაძე შეხვდა წამყვან არქიტექტურულ კომპანიებს, რომლებიც აეროპორტების პროექტირებასა ე.წ. მასტერ პლანზე მუშაობენ. ასევე, ყველა იმ სააეროპორტო სერვისების მიმწოდებელ ბიზნესებს, ვისთანაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას მიმდინარე ტენდერი აქვს და შესაბამისი პროდუქტების პოტენციური მომწოდებლები არიან.

"ჩვენ კომპანიებს ვესაუბრებოდით არამხოლოდ ვაზიანის, არამედ ქუთაისისა და თელავის აეროპორტზეც. ყველა ჩვენი შეხვედრის მიზანი იყო მაქსიმალურად მოხდეს აეროპორტების დიგიტალიზაცია, გამარტივდეს ოპერირებასთან დაკავშირებული რიგი მიმართულებები. ბევრი სისტემა, რომელიც ჩვენ დღეს აეროპორტებში გაგვაჩნია იყოს უფრო ავტომატიზებული, სწრაფი და ხელმისაწვდომი მგზავრებისათვის. რათა გავამარტივოთ ის სააეროპორტო პროცედურები, რომელიც დღესდღეობით საქართველოს აეროპორტებში გაგვაჩნია. ასევე, საავიაციო უშიშროების მიმართულება, რომელიც უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, იყოს უფრო მაღალი ხარისხის, სწრაფი და მოქნილი",- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ქარქაშაძის განმარტებით, მასშტაბურობიდან გამომდინარე, ვაზიანის აეროპორტის პროექტის მიმართ, კომპანიების მხრიდან დაინტერესება დიდია.

"რაც შეეხება უშუალოდ ვაზიანის პროექტს, ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გვქონდა წამყვან არქიტექტურულ კომპანიებთან, რომლებიც აეროპორტების განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობენ, ასევე საკონსულტაციო კომპანიებთან, რომლებსაც აქვთ დიდი ინტერესი და ემზადებიან იმ ტენდერისთვის, რომელიც უახლოეს მომავალში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით გამოცხადდება. დაწყებული პროექტირებიდან დასრულებული იმ სისტემებით, რომელიც საჭიროა აეროპორტის მართვისთვის, ყველა ამ მომწოდებელთან გვქონდა შეხვედრა. მათი მხრიდან ინტერესი დიდია და ჩვენ ამ თანამშრომლობას აუცილებლად გავაგრძელებთ", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

შეგახსენებთ, მთავრობის მიერ გაცხადებული გეგმის მიხედვით, თბილისში, ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა იგეგმება. ამჟამად ვაზიანის აეროპორტი თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაშია და მას სამხედრო დანიშნულება აქვს. ცნობილია, რომ ახალი აეროპორტის ასაშენებლად საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს ავსტრიული კომპანია Airport Competence GmbH-ი ჩაატარებს. პრემიერ-მინისტრის თქმით, აეროპორტის მშენებლობა ჯამში 1.3 მლრდ დოლარი დაჯდება. აეროპორტი კი, პირველ მგზავრს 2028 წელს მიიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები