"ოცნების" მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ვაზიანში ახალი აეროპორტის გადატანის შემდეგ, დედაქალაქში სამშენებლო მიმართულებით არსებული შეზღუდვები შემსუბუქდება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ჩვენი დაანონსებული მნიშვნელოვანი პროექტები გარკვეული ტრანსფორმაციული ეფექტის მატარებელი უნდა იყოს. ეს არ არის პროექტები, რომლებსაც ეფექტები მხოლოდ მათი იმპლემენტაციის პერიოდში ექნებათ, იგივე კაპიტალური დანახარჯების კუთხით რა წვლილიც მათ შეიძლება შეიტანონ ეკონომიკაში, არამედ უბრალოდ ახალი შესაძლებლობები უნდა გაჩნდეს.
თბილისს, რომელსაც არსებული აეროპორტის ოპერირების გამო მშენებლობაზე გარკვეული შეზღუდვები გააჩნია, ეს შეზღუდვები გარკვეულწილად შემსუბუქდება ვაზიანში აეროპორტის რეალოკაციით", - აცხადებს დავითაშვილი.
ახალი სტადიონის და აეროპორტის დაანონსებული პროექტებს ტრანსფორმაციული ეფექტის მატარებელი უნდა იყოს და მან ახალი შესაძლებლობები უნდა შექმნას. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რაც შეეხება ახალ სტადიონს, მინისტრის ინფორმაციით, ის მნიშვნელოვანი პროექტია, რომელსაც არა მხოლოდ სპორტული დანიშნულება ექნება, არამედ სხვა აქტივობების კუთხითაც იქნება დატვირთული.
საქმე ისაა, რომ გასულ წელს, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ორი მეგაპროექტი, ახალი სტადიონისა და ახალი, მასშტაბური აეროპორტის მშენებლობა დააანონსა. ახალი სტადიონი ბრიტანული სტილის იქნება და 70000 ადამიანს უმასპინძლებს. ხოლო, აეროპორტი, რომელიც ვაზიანის ტერიტორიაზე უნდა აშენდეს, 18 მილიონ მგზავრზე უნდა იყოს გათვლილი.