მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვაზისა და ღვინის შესახებ“ ახალი კანონპროექტი ბაზარს გაფილტრავს – ექსპერტი

ქეთი ჯურხაძე

პარლამენტში ინიციირებული „ვაზისა და ღვინის შესახებ“ ახალი კანონპროექტი დარგში თამაშის სრულიად ახალ წესებს ამკვიდრებს და, სავარაუდოდ, ბაზრის გაფილტვრასაც გამოიწვევს. ამის შესახებ ღვინის საერთაშორისო ექსპერტმა ქეთი ჯურხაძემ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.

კანონპროექტი რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას ითვალისწინებს. ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური სიახლე სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე სავალდებულო თანხმობის შემოღებაა. თუ აქამდე კომერციული მიზნით ვაზის გაშენება თავისუფალი იყო, ახალი რედაქციით მეწარმეს შესაბამისი სააგენტოს წინასწარი ნებართვა დასჭირდება. ამასთან, კანონი არ განსაზღვრავს ნებართვის გაცემის კრიტერიუმებსა და გასაჩივრების მექანიზმებს - აღნიშნული საკითხები სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით უნდა დარეგულირდეს. ცვლილებები ასევე ეხება მცირე მარნებსაც. დღემდე ის მეწარმეები, რომლებიც 1 500 ლიტრზე ნაკლებ ღვინოს აწარმოებდნენ, გარკვეული ბიუროკრატიული პროცედურებისგან თავისუფალი იყვნენ, თუმცა ახალი კანონპროექტით ეს მოთხოვნები მცირე საოჯახო მეურნეობებზეც გავრცელდება.

ქეთი ჯურხაძის შეფასებით, საკითხი საკმაოდ რთულია და საბოლოო შედეგების წინასწარ განსაზღვრა ჯერ რთულია : „ეს საკმაოდ რთული თემაა, განსაკუთრებით ჩემთვის, როგორც ღვინის ექსპერტისა და მეღვინისთვის. ერთი ხელის მოსმით გადაწყვეტილების შეფასება რთულია. ქართველებს ხშირად გვახასიათებს სიახლეების ემოციურად მიღება – თავიდან უარყოფითად ვუყურებთ, თუმცა მერე აღმოჩნდება ხოლმე, რომ ყველაფერი ისეთი რთული არც არის, როგორც გვეგონა. ვერ ვიტყვი, რომ რისკები აუცილებლად დიდია ან პირიქით - მცირეა. ჯერ არ ვიცით, როგორ იმუშავებს ეს ყველაფერი პრაქტიკაში“, - აღნიშნა მან.

ექსპერტის განმარტებით, ხშირად დარგში პრობლემად იქცევა საოჯახო მეურნეობისა და წარმოების ერთმანეთთან გაიგივება.

„ჩვენ ძალიან გვიჭირს ერთმანეთისგან გავმიჯნოთ საოჯახო მარანი და წარმოება. ბევრს ჰგონია, რომ თუ საოჯახო მარანი აქვს და ღვინოს აწარმოებს, ეს უკვე წარმოებაა. სინამდვილეში დიდი, საშუალო და მცირე მარნების წარმოების სპეციფიკა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, თუმცა ხარისხი ყველას ერთნაირად მოეთხოვება“, – ამბობს ჯურხაძე.

მისივე თქმით, საერთაშორისო ბაზარზე წარმატებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ღვინის ხარისხს აქვს და არა მწარმოებლის ისტორია.

„როდესაც ღვინოს ვაფასებთ, მაგალითად კონკურსზე ან ბაზარზე, ჭიქაში არ წერია არც შენი ოჯახის ისტორია და არც ის, რა სირთულეები გადაიტანე. საბოლოოდ იყიდება ის, რაც ჭიქაში ასხია და არა შენი ცხოვრებისეული ამბავი. ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ ხოლმე, რომ ქართული ღვინო არის უმაღლესი ხარისხის, ქართული ღვინო არის საუკეთესო, ნამდვილად ასეა, ნამდვილად კარგია, მაგრამ ძალიან ბევრი ლაფსუსები გვაქვს ხოლმე“, – განმარტავს ის.

ჯურხაძე ასევე აღნიშნავს, რომ რეგულაციები ხარისხის უზრუნველყოფისთვის აუცილებელია და მსგავსი პრაქტიკა ევროპაშიც ფართოდ გამოიყენება. მისი თქმით, საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს ბევრი ვენახი, სადაც გაშენებულია საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი ჰიბრიდული ჯიშები, რომელთა წარმომავლობაც ხშირად ბოლომდე დადგენილი არ არის.

„ვენახი არის ადგილი, საიდანაც უნდა მივიღოთ ხარისხიანი ყურძენი. თუ ხარისხიანი ღვინო გვინდა, პირველ რიგში ხარისხიანი ყურძენი უნდა გვქონდეს. ამისთვის კი ვენახიც შესაბამის სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს“, - ამბობს ექსპერტი.

მისივე თქმით, კანონები სწორედ იმისთვის არსებობს, რომ გარკვეული სტანდარტები ჩამოაყალიბოს და ხარისხის უზრუნველყოფა შესაძლებელი გახდეს.

„ევროპაშიც ადგილწარმოშობის ღვინოებს საკმაოდ მკაცრი კანონები არეგულირებს. არის ქვეყნები, სადაც კიდევ უფრო მკაცრი პასუხისმგებლობაა. ზოგან კი კანონშიც კი წერია, რომ გარკვეული საკითხები მეღვინის პატიოსნებაზეა დამოკიდებული, თუმცა მე ეჭვი მეპარება, საქართველოში ეს მიდგომა ეფექტიანი იყოს“, – აღნიშნავს ჯურხაძე.

ექსპერტის თქმით, კანონპროექტი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და მისი საბოლოო ეფექტი პრაქტიკაში გამოჩნდება : „ეს ხომ არ არის, რომ ხვალიდან ყველაფერი ამოქმედდება. ცვლილებები ეტაპობრივად მოხდება და პროცესში ყოველთვის შესაძლებელია კორექტირება“, - ამბობს ის.

ჯურხაძის შეფასებით, ახალი რეგულაციები საბოლოოდ ბაზარზე გარკვეულ გაფილტვრას გამოიწვევს.

„გაქრებიან ნამდვილად... მკითხეს კიდევაც ერთხელ, რომ იმდენად პატარა ხარ არ გეშინია, რომ გაქრეო?! - თუ გასაქრობი ვარ უნდა გავქრე, თუ არა და დავრჩები. ბაზარი გაცხრილავს.

ბაზარი ძალიან გაჯერებულია. ვიღაც შეძლებს ამ პროცესებთან ადაპტაციას, ვიღაც ვერ გაუძლებს. ვინც უკვე კარგად არის მორგებული ბაზარს, მათთვის ეს ბიუროკრატიული ნაწილი გადაულახავი არ იქნება“, - აღნიშნავს ის.

მისივე თქმით, კონკურენცია მცირე და მსხვილ მეწარმეებს შორის ხშირად სტერეოტიპებზეა დაფუძნებული.

„ხშირად ამბობენ, რომ ინდუსტრიული წარმოება ვერ იქნება ისეთივე ხარისხიანი, როგორც მცირე მარნების პროდუქცია, თუმცა ამას ვერ დავეთანხმები. ორივე მხარეს აქვს როგორც ძალიან კარგი, ისე ნაკლებად წარმატებული ღვინო“, - ამბობს ექსპერტი.

ქეთი ჯურხაძის შეფასებით, საბოლოოდ სწორედ ბაზარი გადაწყვეტს, რომელი მწარმოებელი შეძლებს ახალ პირობებთან ადაპტაციას.

„მეღვინეობა უკვე საკმაოდ გაჯერებული ბაზარია. ვინც გაუძლებს ამ ცვლილებებს, დარჩება, ვინც ვერ გაუძლებს – ბაზრიდან გავა. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ეს პროცესი საბოლოოდ ბაზრის გაფილტვრას გამოიწვევს“, – აცხადებს ქეთი ჯურხაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები