მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვცდილობთ, ფასები შევინარჩუნოთ” - რა ღირს ოქრო და ვერცხლი?

62944d7acfb26
თათია კაკიაშვილი
31.05.22 00:15
28014
“ყველანაირად ვცდილობთ, ფასები შევინარჩუნოთ, რათა მომხმარებელმა შეძლოს პროდუქციის შეძენა,” - ამის შესახებ BMG-ის კომპანია “ირმა სილვერის” დირექტორმა ირმა საბაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, კოვიდრეგულაციების მოხსნის ფონზე, როცა ქორწილების, ნათლობების და სხვა ღონისძიებების მასშტაბურად გადახდის რიცხვმა მოიმატა, მომხმარებლის მოთხოვნა ოქროსა და ვერცხლის სამკაულებზეც გაიზარდა.

“ლითონზე მოთხოვნა ზაფხულში ყველაზე მეტად მატულობს, თუმცა ფასები - სტაბილურია. 1 გრამი ვერცხლის ფასი, რომლის სინჯიც 925-ია, 5 ლარიდან 6,5 ლარამდე მერყეობს. პანდემიამდე ღირებულება გრამ ვერცხლზე, საშუალოდ 50 თეთრით ნაკლები იყო. ყველანაირად ვცდილობთ, ფასები შევინარჩუნოთ, რათა მომხმარებელმა შეძლოს პროდუქციის შეძენა,” - განაცხადა ირმა საბაშვილმა.

რაც შეეხება ოქროს, “ოქროს ბირჟაზე” აცხადებენ, რომ მომხმარებელი როგორც ადგილობრივად დამზადებულ, ისე იმპორტირებულ ოქროს სამკაულებს - ქორწინებისა და ნიშნობის ბეჭდებს, საყურეებს და ყელსაბამებს ყიდულობს. ადგილობრივად დამზადებული 1 გრამი ოქროს ღირებულება 130 ლარიდან იწყება, ბაჯაღლოსი - 190 ლარიდან.

“ქორწილებისთვის ადგილობრივად მზადდება სხვადასხვა სინჯის ბაჯაღლო და ამ პერიოდში მოსახლეობა საქორწინო ბეჭდებს ყიდულობს. ძირითადად, ამაზე და ჩვენი ხელოსნების ნაკეთობებზე ვმუშაობთ. თუმცა მოსახლეობა მაინც არ არის მსყიდველუნარიანი, ამიტომ ძირითადად, გათვლა ტურისტებზე გვაქვს. კოვიდპანდემიის დროს ვირუსის გავრცელების მხრივ დიდი პრობლემები იყო, მოსახლეობასაც არ ჰქონდა შეძენის შესაძლებლობა; ხშირად ვიყავით დაკეტილი,” - განუცხადა BMG-ის “ოქროს ბირჟის” დილერმა ნანა ფიფიამ.

“ოქროს კიდობანში” ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ოქროს სამკაულებს ყველაზე ხშირად ტურისტები ყიდულობენ. მათი ნაწილი როგორც ადგილობრივად დამზადებული, ისე - იტალიიდან იმპორტირებული ოქროთი ინტერესდება, მაღალი სინჯის იტალიური ოქროს ღირებულება კი 140 ლარიდან იწყება. გაზრდილია მოთხოვნა ოქროს ჯვრებზეც. ამ შემთხვევაშიც, ფასი სინჯსა და ხელნაკეთი დეტალების სირთულეზეა დამოკიდებული.

“დღესდღეობით ოსტატების ნამუშევრის მიხედვით, 1 გრამი ოქროს ჯვრის ფასი 137 ლარიდან იწყება. ღირებულების მიხედვით, პანდემიამდე დიდი სხვაობა არ ყოფილა. პანდემიის დროს გავჩერდით, ფასებმა აიწია იმის მიუხედავად, რომ არც მუშაობა იყო, არც ნათლობების და ქორწილების გადახდა შეიძლებოდა. ახლა უკვე მდგომარეობა დასტაბილურებული და გაუმჯობესებულია,” - განაცხადა “ოქროს ბირჟის” დილერმა ლიანა ჯოჯუამ.

ცნობისთვის, გლობალურად - ძვირფას ლითონზე ფასმა ყველაზე მეტად პანდემიის დროს მოიმატა. ამ პერიოდში “ოქროს ბირჟა” ვირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებლების გამო, დაკეტილი არაერთხელ იყო. რეგულაციების მოხსნის შემდეგ კი, ოქროზე ფასმა მცირედით იკლო, თუმცა როგორც “ოქროს ბირჟაზე” აცხადებენ, ხალხი მაღალი მსყიდველუნარიანობით მაინც არ გამოირჩევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები