"ვეფხი და მოყმის" ძეგლის მიმდებარედ ესტაკადის მოწყობის პროექტი დღის წესრიგში ბრუნდება. თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ პროექტი დაახლოებით 300 მილიონი ლარი დაჯდება. მისი თქმით, რამდენიმე პროექტიდან მერიამ უკვე შეარჩია ერთი, რომლის განხორციელებაც მომავალი წლიდან დაიწყება. პროექტის ფარგლებში როგორც საავტომობილო ხიდის მშენებლობა, ისე მიწისქვეშა გვირაბების მოწყობა განხორციელდება.
„რამდენიმე ვარიანტი იყო წარმოდგენილი და საბოლოო ჯამში მივიღეთ გადაწყვეტილება, თუ რომელი პროექტი უნდა განხორციელდეს. საკმაოდ ძვირად ღირებული პროექტი გამოდის, თავისი ხიდით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ალბათ დაახლოებით 300 მილიონი ლარი დაჯდება თავისი გამოსყიდვით და ყველაფრით, თუმცა ეს პროექტის დონეზე უფრო დაზუსტდება.
გვინდა, რომ მომავალ წელს გარკვეული სამუშაოები დავიწყოთ აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით. ეს არის თავისი მიწისქვეშა გვირაბებით, ახალი ესტაკადები, ახალი საავტომობილო ხიდი და ა.შ“,-განაცხადა საკრებულოს სხდომაზე კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა კახა კალაძის საარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო. პანდემიის პერიოდში, 2020 წლის ივნისში საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის მიზნით პროექტის განხორციელება გადაიდო, თუმცა მაშინ კახა კალაძემ განაცხადა, რომ ეს პროექტზე უარის თქმას ნიშნავდა.