მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ველით ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებას" - IMF-ის აღმასრულებელი დირექტორი თურნავას სებ-ის პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავს

ნათია თურნავა

ეროვნული ბანკის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ნათია თურნავას პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავს.

როგორც სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორის იერონ კლიკისა და ალტერნატიული დირექტორის მარნიქს ვან რეის მილოცვაშია აღნიშნული, მოუთმენლად ელიან საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობის გაგრძელებას.

„გთხოვთ მიიღოთ ჩვენი გულწრფელი მოლოცვა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშვნასთან დაკავშირებით. მოუთმენლად ველით ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებას და წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში“, - ნათქვამია სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორის მიერ ნათია თურნავასთვის გამოგზავნილ წერილში.

გასულ კვირას "ქართული ოცნების" არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნათია თურნავა სებ-ის პრეზიდენტად დანიშნა. ნათია თურნავას კანდიდატურა მიხეილ ყაველაშვილს სებ-ის საბჭომ წარუდგინა, რომლის 4 ახალი წევრი საქართველოს პარლამენტმა 6 თებერვალს დაამტკიცა. სებ-ის საბჭო 9 წევრითაა დაკომპლექტებული.

2023 წელს IMF-მა საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის მეორე ტრანშის დირექტორთა საბჭოზე წარდგენა და, შესაბამისად, დამტკიცება „გადადო“. მხარდამჭერ პროგრამაზე (Stand-by Arrangement) საქართველოს ხელისუფლება და სავალუტო ფონდი 2022 წლის აპრილში შეთანხმდნენ. სამწლიანი პროგრამა 289 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა - სესხის სახით. ტრანშის პირველი ნაწილი, 40 მილიონი უკვე ათვისებულია. ფორდმა პროგრამა მას შემდეგ შეაჩერა, რაც საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა, რამაც ინსტიტუტის დამოუკიდებლობაზე კითხვები გააჩინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები