17 თებერვალს რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა მეტრო “რუსთაველიდან” პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა გამართეს, რომლის მიზანიც საავადმყოფოს დემონტაჟის შესახებ ბრძანების გაუქმების მოთხოვნის კიდევ ერთხელ გაჟღერება იყო.
როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური სამსახურის უფროსი, ნინო ოთარიშვილი BM.GE-ისთან აღნიშნავს, ამჟამად რესპუბლიკურის თანამშრომლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისგან კონსულტაციების გამართვას ელიან.
“მოთხოვნა უცვლელია, უნდა გაუქმდეს ბრძანებულება რესპუბლიკურის დემონტაჟის, გაუქმების, ლიკვიდაციის შესახებ. მსვლელობის მიზანი იყო, რომ მთავრობს კიდევ ერთხელ გავაგონოთ ჩვენი ხმა.
ირაკლი კობახიძემ ორჯერ, ერთხელ საპარლამენტო მოსმენების დროს, ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრის კანდიდატის სტატუსით, შემდეგ კი მთავრობის პირველი სხდომის დროს განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს პრობლემა მისთვის ცნობილია და უნდა დაიწყოს კონსულტაციები დარგის ექსპერტებთან, ექიმების ჩართულობით, რათა მიიღონ ოპტიმალური გადაწყვეტილება. ჩვენ ველოდებით, როდის შედგება ეს კომუნიკაცია, უბრალოდ დრო ძალიან ცოტა გვაქვს და ვცდილობთ, ყურადღება მივიქციოთ, რომ დროულად მოგვაქციონ ყურადღება, თორემ თუ დაიხურა რესპუბლიკური, მერე რაღა აზრი აქვს?!”, - აცხადებს ნინო ოთარიშვილი.
მისი განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს თუ პრემიერის ადმინისტრაციას მოლაპარაკებების დაწყების სავარაუდო თარიღი არ გამოუცხადებიათ, რესპუბლიკურ საავადმყოფოს კი ფუნქციონირების ვადა 5 მარტამდე აქვს, რის შემდეგაც, 15 მარტის ჩათვლით, რეორგანიზაციის პროცესი დაიწყება: “ მედპერსონალი ქუჩაში აღმოჩნდება და არ გვექნება არანაირი იმედი, რომ ჩვენ სასარგებლოდ რამე გადაწყდება. როგორც ვხედავთ, იკვეთება დეველოპერების ინტერესები და ჩვენ გამოძევებას სწრაფი ტემპით ამიტომ ცდილობენ”.
რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური სამსახურის უფროსი აღნიშნავს, რომ ამჟამად ექიმების უმრავლესობა რესპუბლიკურთან ხელშეკრულების საკუთარი ნებით გაწყვეტაზე უარს აცხადებს, უმცროსს და საშუალო მედპერსონალს კი დაპირებული კომპენსაციის მისაღებად, განცხადების დაწერას აიძულებენ.
“ძალით აწერინებენ თანამშრომლებს, უმცროს და საშუალო მედპერსონალს განცხადებებს, რომ საკუთარი სურვილით შეწყვიტონ კონტრაქტი რესპუბლიკურთან. და მხოლოდ ამის შემდეგ აძლევენ დაპირებულ “უპრეცედენტო კომპენსაციას”. ეს ძალიან ცუდი ფაქტია, ამას საავადმყოფო ბოიკოტის რეჟიმში გადაჰყავს, ექთანი და სანიტარი თუ არ გვეყოლება, ძალიან გაგვიჭირდება მუშაობა. ექიმების 99%-მა არც განიხილა კომპენსაციის მიღება და მოსყიდვის გზით ცდილობენ, უმცროსი და საშუალო მედპერსონალი გამოგვაცალონ ხელიდან, რომ მუშაობა ვეღარ შევძლოთ”, - აცხადებს ოთარიშვილი.
რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში ორი სარჩელი უკვე შეტანილია. კლინიკის წარმომადგენელი განმარტავს, რომ სამართლებრივ ბრძოლას კვლავ გააგრძელებენ, უშედეგობის შემთხვევაში კი შიმშილობის დაწყებას განიხილავენ.