საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ევროკავშირი ქართველი ხალის არჩევანს პატივს სცემს და იმუშავებს დემოკრატიულად არჩეულ ნებისმიერ მთავრობასთან.
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ელის, რომ არჩევნები უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება.
"ევროკავშირი პატივს სცემს ნებისმიერ არჩევანს, რომელსაც ქართველები გააკეთებენ. ევროკავშირის გადასაწყვეტი არ არის პოლიტიკური საკითხები არჩევნებამდე, არჩევნების დროს ან არჩევნების შემდეგ. ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.
ჩვენ ხმამაღლა და ნათლად განვაცხადეთ, ველით, რომ მომავალი არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, არჩევნები იქნება სრულად ინკლუზიური, გამჭვირვალე და კონკურენტული",- თქვა ელჩმა.
BMG დაინტერესდა, ფლობს თუ არა ელჩი ინფორმაციას ქართულ და ევროპულ ბიზნესებს შორის სავაჭრო თუ საინვესტიციო თანამშრომლობის შეჩერების შესახებ, რაზეც ელჩმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შეჩერებულია ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი, ასევე შეჩერდა საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარება.
"საქართველოს ევროინტეგრაცია ივნისში შეჩერდა, ეს იყო ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილება. ჩვენ შევწყვიტეთ საქართველოს ფინანსური დახმარება, შეჩერებულია 120 მილიონი ევროს ღირებულების მიმდინარე პროგრამები. თქვენი, ქართველების გადასაწყვეტია, როგორი მომავალი გსურთ თქვენი ქვეყნისთვის. ამ დროისთვის, ბოლო თვეების განმავლობაში, საქართველო, დაახლოების ნაცვლად, შორდებოდა ევროკავშირს“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.