ველნეს კურორტი “ბიოლი” 1-ელი ნოემბრიდან ფუნქციონირების ახალ რეჟიმში გადადის: რესტორნის ჰოლი საღონისძიებო სივრცედ იქცევა, კოტეჯების ყოველდღიური ჯავშნები ზაფხულამდე შეწყდება და ნაცვლად სტუმრებს მათი დაქირავება 1 თვიდან 1 წლამდე ვადით შეეძლებათ - ამის შესახებ მისი დამფუძნებელი თამაზ მჭედლიძე პირად Facebook გვერდზე წერს.
BM.GE ცვლილების გამომწვევ მიზეზებზე კითხვებით თავად თამაზ მჭედლიძეს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ახალი რეჟიმი მანამ გაგრძელდება, ვიდრე “ბიოლის” ტერიტორიის მეორე ნაწილზე განვითარების პროექტი დასრულდება.
“ვაპირებთ ტერიტორიის მეორე ნაწილის განვითარებას - მოეწყობა დიდი აუზი გასაწევ-გამოსაწევი შუშის გუმბათით, აშენდება 60 ნომრიანი ხის ეკო-სასტუმრო, დამატებით ხის 4 კოტეჯი და განახლდება ტბა - ამიტომ გადავდივართ ახალ რეჟიმში.
პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულება და სამედიცინო ველნეს რეჟიმის აღდგენა ივლისიდან იგეგმება, თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რომ გამოვა”, - ამბობს თამაზ მჭედლიძე.
“ბიოლის” დამფუძნებლის თქმით, ახალი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად კომპანია $13 მლნ-იან ინვესტიციას გამოყოფს: “ეს ყველაფერი დამატებით $12-13 მლნ დაჯდება, რომელსაც კომპანია გამოყოფს და არა გარე ინვესტორი”.
ვიდრე კოჯორში “ბიოლის” ველნეს სერვისები აღდგება, მათი მიღება თბილისში, ახალ ფილიალში იქნება შესაძლებელი, რომელიც ასევე ნოემბრიდან ამოქმედდება.
“თბილისში ფილიალის გახსნა ყოველთვის გვინდოდა. ქართველებისთვის ველნესი, ჯერჯერობით, უცხო ხილია. ვსარგებლობთ შემთხვევით და გუნდი თბილისში გადაგვყავს, სადაც კოჯორში სამუშაოების დასრულების შემდეგაც დავტოვებთ, რომ სტუმარი უფრო მარტივად მოვიდეს ადგილზე და იქიდან მთავარ ფილიალში წამოსვლაც მოუნდეთ. ახალი ფილიალის თბილისის ცენტრში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარედ გაიხსნება”, - ამბობს თამაზ მჭედლიძე.
როგორც “ბიოლის” დამფუძნებელი განმარტავს, ამ დრომდე კურორტის ტერიტორიაზე 13 კოტეჯია განთავსებული, რაც არსებულ მოთხოვნას ვერ პასუხობს.
“ველნესი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ინდუსტრიაა. საქართველოში მას პირველად ვქმნით, რის გამოც ჯერ უცხოა ქართველებისთვის. ჩვენი სტუმრების 90%-ზე მეტი უცხოეთიდანაა - მათი რაოდენობა ხან იკლებს, ხან - იმატებს, მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, თუმცა ჩვენ გვინდა, ქართველებიც ჩავრთოთ ამ პროცესში.
შესაბამისად, განვითარების ახალ ეტაპზე გადავდივართ, რითაც ვუახლოვდებით იმას, რაც უნდა ვიყოთ. ამ ეტაპზე ტერიტორიაზე სულ 13 კოტეჯია, რაც შეუძლებელია, სრულყოფილი ველნეს კურორტისთვის საკმარისი იყოს”, - ამბობს კურორტის დამფუძნებელი.
თამაზ მჭედლიძე BM.GE-სთან საუბარში იმასაც აღნიშნავს, რომ მიმდინარე პროექტი “ბიოლის” განვითარების საბოლოო ეტაპი არ არის და მომდევნო ნაბიჯები უკვე დაგეგმილია.
თამაზ მჭედლიძემ ველნეს კურორტ "ბიოლის" მოწყობა, ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების ინდუსტრიის შექმნის მიზნით, 2005 წლიდან დაიწყო, რისთვისაც 42 მლნ დოლარი ინვესტიცია უკვე განახორციელა.