მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ველნეს ტურიზმი - მოთხოვნა და პერსპექტივები

64944dfbbd164
ვიქტორია მღებრიშვილი
22.06.23 17:58
1029
გლობალურად, მსოფლიოში ადამიანის ჯანმრთელობა, მისი გაჯანსაღება, რეაბილიტაცია, დაავადებების პრევენცია და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესი განსაკუთრებით აქტუალური გახდა., შესაბამისად, გააქტიურდა ისეთი მიმართულებები, როგორიც მაგალითისთვის, ველნეს ტურიზმია. გლობალური ველნეს ინსტიტუტის განმარტებით, “ველნეს ტურიზმი მოგზაურობაა, რომლის მთავარი დანიშნულებაც, ჯანმრთელობისა და პერსონალური კეთილდღეობის გაძლიერება და გაუმჯობესებაა”. ეს ინდუსტრია ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სპირიტულ ვარჯიშებზე დაფუძნებულ აქტივობებს აერთიანებს. ჯანსაღი ცხოვრების წესის ფორმირებისა და გაუმჯობესებისადმი ინტერესის ზრდამ კი კეთილმოწყობილი და ადაპტირებული დაწესებულებებისა, თუ მომსახურებების განვითარებაც დააჩქარა.

საქართველოში ველნეს ტურიზმი გლობალური ტენდენციების პარალელურად პოპულარობას ნელ-ნელა იძენს, თუმცა ქართული ველნეს ასოციაციის დამფუძნებლისა და ველნეს კურორტ „ბიოლის“ დამფუძნებლის თამაზ მჭედლიძის განცხადებით, ქვეყანაში, ადგილობრივებში ველნესი პოპულარობით არ სარგებლობს. ველნესის მნიშვნელობაზე, ქართული ველნესის პერსპექტივასა და მისი განვითარების გზებზე თამაზ მჭედლიძემ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ ისაუბრა.


რა არის ველნესი?

მისი ინფორმაციით, ველნესი - მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას ნიშნავს. ის მსოფლიოში ძალიან მზარდი - ტრილიონი დოლარის ღირებულების ინდუსტრიაა.
საქართველოში კი ჯერჯერობით ველნესის ინდუსტრია არ გვაქვს.

„ველნესი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობაა, რაც ავადობის პრევენციას, მკურნალობას და რეაბილიტაციას აერთიანებს. ეს არის ჯანმრთელობის რესურსების მართვა. ჩვენს ჯანმრთელობაზე სხვადასხვა ფაქტორები მოქმედებს - გენეტიკა, გარემო, რომელშიც ვცხოვრობ, შეძენილი პრობლემები, ჩვენი ჩვევები, რომელშიც შედის ძილის და კვების რეჟიმი, ფიზიკური აქტივობა. ველნეს მომსახურებისას ხდება ჯანმრთელობის რესურსების დიაგნოსტიკა და შემდეგ უკვე მისი სწორი მართვა, რითაც სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება“, - განმარტავს ქართული ველნეს ასოციაციის დამფუძნებელი თამაზ მჭედლიძე.


როგორი მოთხოვნაა ველნეს სერვისებზე საქართველოში?

„ბიოლის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ველნეს კურორტზე მომხმარებელთა 99% უცხოელები არიან, თუმცა მჭედლიძე იმასაც განმარტავს, რომ ეს ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარეობს.

“ველნეს სერვისების მიღება იმ ადამიანებს შეუძლიათ, რომლებიც მატერიალურად უზრუნველყოფილნი არიან და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ფიქრობენ. ჩვენს ქვეყანაში როდესაც ადამიანებს სხვა ბევრი ყოფითი პრობლემები აქვთ, ისინი ველნესზე ვერ იფიქრებენ, მხოლოდ ამიტომ საქართველოში ველნესი მოთხოვნადი არ არის”, – აღნიშნა “ბიოლის” დამფუძნებელმა.


რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ველნესის განვითარებისთვის?

ველნეს კურორტის მმართველი მიიჩნევს, რომ საქართველოს კლიმატური და ბუნებრივი მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ქვეყანას ამ მიმართულებით განვითარებისა და ველნეს ტურიზმით მსოფლიოს მოსახლეობის დაინტერესების შესაძლებლობა აქვს, რომელიც გლობალური ველნესისგან განსხვავებული უნდა იყოს.

„დედამიწაზე 8 მლრდ ადამიანი ცხოვრობს და ქართველები სულ 3 მლნ ვართ. რა უნდა შევქმნათ ისეთი, რომ მსოფლიოს მოსახლეობამ ყურადღება მოგვაქციოს. ჩემი აზრით ეს უნდა იყოს ქართული ველნესი. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი წინაპრების ტრადიციები და ისე განვავითაროთ ეს მიმართულება. ქართული ველნესი ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული, ბუნებრივი სიძლიერეებით უნდა შევქმნათ - ბალახები, ტალახები, მალამოები... მათთვის ვისაც ჯანმრთელობის გაჯანსაღება უნდა.

ქვეყანაში ველნესის განვითარებისთვის უპირველეს ყოვლისა უნდა განვავითაროთ ლეგენდა კოლხის ასულ მედეაზე. ჩვენ მედეას შთამომავლები ვართ, საიდანაც მედიცინა დაიწყო, სადაც მედეას ბაღები და სამკურნალო მცენარეები ხარობდა, უცხოელებისთვის ამის გაძლიერებაა საჭირო, რათა მათ დაინახონ, რომ საქართველო მხოლოდ ღვინის ქვეყანა არ არის და ჩვენ მკურნალი ერი ვართ. ეს ტრადიციები კი ისტორიულად მოგვდევს.

მეორე, რაზეც აქცენტი უნდა გაკეთდეს მაღალშემოსავლიანი ადამიანების მოზიდვა უნდა იყოს. ქვეყანაში მედიცინის მიმართ ნდობა დაბალია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი სპეციალისტები გვყავს, თუმცა ველნესის მიმართულებით თუ ავუხსენით რა ტრადიციები გვაქვს, ამ შემთხვევაში მედიცინასაც ჩავრთავთ, check up-ის სისტემასაც ავამოქმედებთ. მაღალშემოსავლიანი ხალხი თანხას რომ შემოიტანს, მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩვენი ქვეყნის მაღალ დონეზე განვითარება.

ამ პროცესში გაერთიანებული უნდა იყოს, როგორც სახელმწიფო, ასევე საზოგადოებაც. პირველი ამოცანა ამ მხრივ, სასწავლო სისტემის შექმნაა, ასევე შესაქმნელია საკანონმდებლო სისტემა, რა მხრივაც დღეისთვის უღრან ტყეში ვართ. ეს ყველაფერი მოსაწესრიგებელი და დასალაგებელია“, - განაცხადა თამაზ მჭედლიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები