მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ველოდებით ელექტრომობილების რაოდენობის ზრდას - პეტრე წაქაძე

პეტრე წაქაძე

ველოდებით ელექტრომობილების რაოდენობის ზრდას, - ამის შესახებ Tegeta Cars-ის დირექტორმა, პეტრე წაქაძემ გადაცემა „ბიზნესის კვირეულში“ განაცხადა. მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ გარკვეულწილად შიდა წვის ძრავიანი ავტომობილები ჩანაცვლდება.

ამასთან, როგორც პეტრე წაქაძემ აღნიშნა, 2023 წელს 2022 წელთან შედარებით საქართველოში, ახალ ავტომობილებში 37%-ით გაიზარდა ელექტრომობილების წილი, თუმცა ჯამში მაინც დაბალი მაჩვენებელია.

“ქვეყანაში დაახლოებით 1 700 000 ავტომობილია რეგისტრირებული, საიდანაც 6000-ია ელექტრომობილი, ანუ 0.5%-ზე ნაკლებია ელექტრომანქანების წილი, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია, თუ შევადარებთ მას ევროპის ქვეყნების მაჩვენებელს, სადაც საშუალოდ 20%-ზე მაღალია ელექტრო ავტომობილების წილი. ჩინეთში კი 30%-ია. ჩვენ ვერ მივყვებით ასეთი ტემპით. ამას თავისი ახსნები აქვს. ეს სიახლეა და დაკვირვების ეტაპია, რომელიც მომხმარებელმა უნდა გადალახოს. მნიშვნელოვანია კერძო სექტორის გააქტიურებაც, რომ გადავიდნენ ელექტრო ავტომობილებზე, რაც თავის სიტყვას იტყვის ქართულ ბაზარზე. მას ეყოლება ბევრი მიმბაძველი, რაც ელექტრომობილების გაყიდვების ზრდას შეუწყობს ხელს”, - განაცხადა პეტრე წაქაძემ.

მისივე თქმით, ელექტრომობილების რაოდენობის ზრდისთვის ქვეყანაში მნიშვნელოვანია შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფაც. “როდესაც მომხმარებელი ელექტრომობილს ყიდულობს, პირველ რიგში ინფრასტრუქტურას ამოწმებს, თუმცა ამ კუთხით ვფიქრობ, რომ მზარდი დინამიკაა. თეგეტა ჰოლდინგიც დაამონტაჟებს ელექტრო ავტომობილის დამტენებს, რათა მათი მოხმარება გაიზარდოს. სერვისიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლებაა, რომელსაც მომხმარებელი სკეპტიკურად უყურებს, ვინაიდან ეს მაინც ახალია. ამიტომაც ჩვენ როდესაც პარტნიორებს ვირჩევთ, ვუყურებთ გაყიდვის შემდგომ მათი მომსახურების ხარისხს. როდესაც ავტომობილს გაყიდი, მომხმარებელს უნდა ჰქონდეს იმის შეგრძნება, რომ მას “სრულფასოვანი პატრონი” ჰყავს. ასევე, მნიშვნელოვანია მექანიკოსების მუდმივი გადამზადება. ეს იმდენად სწრაფად მზარდი დარგია, რომ თუ სიახლეებს ყოველდღიურად არ მიჰყევი, ჩამოვრჩებით, რაც საბოლოოდ მომხმარებელზე აისახება”, - განაცხადა პეტრე წაქაძემ.

ცნობისთვის, Tegeta cars-ი საქართველოში ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდის, ZEEKR-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. Geely Holding-ში შემავალ კომპანიასთან სადილერო ხელშეკრულებას „თეგეტა ჰოლდინგმა“ ხელი უკვე მოაწერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები