საავტომობილო ბრენდ ZEEKR-ის შოუ-რუმის მშენებლობა მალე დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ “ბიზნესის კვირეულში” Tegeta Cars-ის დირექტორმა, პეტრე წაქაძემ ისაუბრა. მისი თქმით, შოუ-რუმი თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე აშენდება, სადაც თეგეტას ცენტრალური ოფისი მდებარეობს.
საქმე ის არის, რომ საქართველოში ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდის, ZEEKR-ის ოფიციალური წარმომადგენელი სწორედ Tegeta cars-ი გახდა. Geely Holding-ში შემავალ კომპანიასთან სადილერო ხელშეკრულებას „თეგეტა ჰოლდინგმა“ ხელი უკვე მოაწერა.
“ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით, როგორც კერძო, ასევე კორპორაციულ მომხმარებლებს შევთავაზებთ ახალ ბრენდს. ეს იქნება ფინანსური ინსტიტუტების დახმარებითაც. ასევე, თქვენ იცით, რომ შეიქმნა თეგეტა ლიზინგი ზუსტად იმისათვის, რომ ჩვენივე პროდუქტები მომხმარებლებს გადახდის მოქნილი პირობებით შევთავაზოთ. ასევე გვექნება სრულფასოვანი სერვისი”, - განაცხადა პეტრე წაქაძემ და დასძინა, რომ როცა ქვეყანაში ავტომობილის ახალი ბრენდი შემოდის, მნიშვნელოვანია, მისი გატესტვის შესაძლებლობა იყოს.
“ყველა მოდელზე იქნება შესაძლებელი ტესტდრაივი. გვინდა, რომ მაქსიმალურად ბევრი ელექტრომობილი გამოჩნდეს ქალაქში, რადგან დარწმუნებული ვართ ამ ბრენდში და ვფიქრობთ, რომ მას დიდი მომავალი აქვს”, - აღნიშნა მან.