„ქართული ოცნების“ ახალი ენერგოპოლიტიკის ფარგლებში განახლებადი ენერგიების ასოციაცია ენერგოპროექტების გადახედვის მეორე ტალღას ელის. GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა “საქმის კურსში” სტუმრობისას განაცხადა, რომ საუბარია სახელმწიფო ელექტროსისტემის მხრიდან რამდენიმე ათეული ისეთი პროექტის გადახედვაზე, რომელთაც ქსელთან მიერთების პრობლემები აქვს.
მაია მელიქიძის თქმით, ნაწილს მიერთების ნებართვაც გააჩნია, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო პროექტები არაერთ გზის იყო გადავადებული. მისი თქმით, სავარაუდოდ, აღნიშნულ პროექტებს სახელმწიფო ინვესტორს ჩამოართმევს და დამატებითი ვადები აღარ იქნება გათვალისწინებული.
შეგახსენებთ, 13 ოქტომბრის განკარგულებით მთავრობამ 1,7 გიგავატი სიმძლავრის ათობით ჰესის პროექტის განხილვა შეწყვიტა. გაუქმებული პროექტები მოიცავს ჰესებს, მზის და ქარის ელექტროსადგურებს, რომლებიც ძირითადად წარდგენილი იყო პირდაპირი კონტრაქტების შეთანხმების პროგრამის ფარგლებში, თუმცა მათზე ოფიციალური საინვესტიციო შეთანხმება საბოლოოდ აღარ გაფორმებულა.
“იმ ხარვეზებიდან გამომდინარე, რომლებიც გამოვლინდება მიერთებების ჭრილში, არ გამოვრიცხავ, რომ დაახლოებით მსგავსი ტიპის კიდევ ერთი ტალღა წამოვიდეს, როდესაც მოხდება გარკვეული პროექტების ნიველირება და გამოთავისუფლდება სიმძლავრეები.
ეს კიდევ უფრო ძველი პროექტებია. ხშირად იყო ე.წ დარეზერვებული ადგილები წლების განმავლობაში, ვინაიდან პროექტის მფლობელს არ ჰქონდა შესაბამისი კვალიფიკაცია, კომპეტენცია, გამოცდილება, მატერიალური შესაძლებლობა. ამასთანავე არ ჰქონდა გარემოს დაცვის კუთხით არსებული კრიტერიუმები და სტანდარტები დაცული. ამის გამო ეს პროექტები არაერთ გზის იყო გადავადებული და საბოლოო ჯამში მივედით იმ შედეგამდე, რომ გაჩერდა განვითარება და ახალი ინვესტორები ვეღარ შედიოდნენ იქ.
ამ შემთხვევაში ჩვენ გვქონდა ორი გზა: ერთი გზა – ეს გახლავთ გარდამავალი პერიოდი იმისათვის, რომ ამ ტიპის პროექტებს მისცემოდა შესაძლებლობა მაგალითად ერთი წლის განმავლობაში აეშენებინათ, შემდეგ უკვე გარანტირებულად იქნება გაუქმებული. ან, მეორე გზა იყო ხისტი გზა, რომელიც გამოიყენა ამ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიმღებმა, პოლიტიკის შემქმნელმა და თქვა, რომ ამ გზით მივდივარ და არანაირი ე.წ საშეღავათო პერიოდი არ იქნება, რადგან ეს პერიოდი არაერთ გზის არის გავლილი და ამოწურული.
შესაბამისად, მიერთებასთან დაკავშირებული პრობლემების გადახედვა და რევიზიაც მოხდება და ეს იქნება შემდეგი ეტაპი. პროექტის მერე აუცილებლად უნდა არსებობდეს ქსელთან მიერთების ნებართვა. მიერთების ნებართვა ზოგზე გაცემულიც არის და მაგისი რევიზიაც მოხდება, რამდენად სამართლიანად და სწორად მოხდა ამ ნებართვების გაცემა და რამდენად შეესაბამება იმ მატერიალურ-ტექნიკურ მოთხოვნებს, რომლებიც არსებობს. ამ რევიზიის შემდეგ ჩვენ ველოდებით გამოთავისუფლებულ სიმძლავრეებს და გვაქვს განცდა იმისა, რასაც ვითხოვდით სექტორი, რომ უკვე კვალიფიციური, გამოცდილების მქონე ინვესტორებს მიეცემა შესაძლებლობა შევიდნენ სექტორში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ მხოლოდ და მხოლოდ ფურცლებზე არსებულ პროექტებს და ჩვენ მანდ ვართ”,- აცხადებს მაია მელიქიძე.
კითხვაზე, აღნიშნული პროექტები ჩამოერთმევათ ინვესტორებს, თუ კიდევ დამატებითი ვადა შეიძლება მიეცეთ, მელიქიძე ასე პასუხობს: “მაღალი ალბათობით, ეს ვადა უკვე აღარ იქნება. ეს დასრულებულია”.



























