მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ველოდებით, რომ ბაზარზე მიკრობანკს წლის ბოლომდე ვიხილავთ" - მიკროსაფინანსო ასოციაცია

ნინო დევდარიანი

მიკროსაფინანსო ასოციაციაში ელიან, რომ ბაზარზე პირველი მიკრობანკი მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყებს ოპერირებას.

ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის, ნინო დევდარიანის განცხადებით, ეროვნულ ბანკში წარდგენილი განაცხადების განხილვა აქტიურად მიმდინარეობს და მოლოდინია, რომ წლის ბოლომდე ეს პროცესი დასრულდება.

ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ ამ დროისთვის მარეგულირებლისგან ლიცენზიის მიღებას ბაზრის ორი მსხვილი მოთამაშე ელოდება, თუმცა არაა გამორიცხული, რომ შემდეგ პერიოდში მიკრობანკობის მსურველების რაოდენობა გაიზარდოს.

“მიკრობანკების სალიცენზიო განაცხადების განხილვის პროცესი საკმაოდ ინტენსიურია და აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ეროვნულ ბანკთან. მიკრობანკობის მსურველმა კანდიდატებმა უნდა დაამტკიცონ, რომ ისინი აკმაყოფილებენ იმ გაცილებით მაღალ სტანდარტს და მარეგულირებელ მაღალ ჩარჩოს, რაც მათთვის არის დაწესებული. ვფიქრობ, უკვე ბოლო ეტაპზე არიან კანდიდატები მისულები და ალბათ წლის ბოლომდე ახალი საფინანსო ინსტიტუტი უნდა ვიხილოთ ბაზარზე.

ჯერჯერობით, ლიცენზიაზე განაცხადი ბაზრის ორ მსხვილ მოთამაშეს აქვს წარდგენილი. რაც შეეხება სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, მათი მოტივაცია, რომ მიკრობანკებისთვის დადგენილი სტანდარტები დააკმაყოფილონ, როგორიცაა კაპიტალის და პორტფელის კომპოზიციის მოთხოვნები, იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა პირველი პრეცედენტები შეიქმნება ბაზარზე. თუკი ვნახავთ, რომ ის შესაძლებლობები, რაც მიკრობანკებს აქვთ, გადაწონის იმ ვალდებულებებს და ტვირთს, რაც გაზრდილ რეგულაციებს აქვთ, მაშინ მათ მეტი მოტივაცია ექნებათ, ეს მოთხოვნები დააკმაყოფილონ და სალიცენზიო განაცხადები შეიტანონ”, - განაცხადა ნინო დევდარიანმა.

ცნობისთვის, ეროვნულ ბანკში მიკრობანკის ლიცენზიის მისაღებად განაცხადი გასული წლის ბოლოს ორმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ, „კრისტალმა" და MBC-მ წარადგინეს. მიკროსაფინანსოებისგან განსხვავებით, მიკრობანკებს უფლება ექნებათ, მომხმარებელს ანგარიში და ანაბარი გაუხსნან, ასევე 1 მილიონ ლარამდე მოცულობის სესხები გასცენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები