ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლებს მოლოდინი აქვთ, რომ მთავრობის მხრიდან ენერგეტიკული პროექტების შესწავლის პროცესი გაგრძელდება და რიგი პროექტების გაუქმება სამომავლოდაც მოხდება.
საქმე ისაა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ათობით ენერგოპროექტის განხილვა შეწყდა, რომლებზეც ინვესტორებსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის მემორანდუმები არ იყო გაფორმებული. ჯამში, საუბარია 1.7 გიგავატის პროექტებზე, რაც პრემიერის 13 ოქტომბრის განკარგულებაში გაიწერა.
როგორც კომპანია „უსასრულო ენერგიის“ აღმასრულებელმა დირექტორმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, პირველ ეტაპზე მათ შორის იმ ენერგეტიკული პროექტების განხილვა შეჩერდა, რომლებიც თავად ინვესტორებსაც მიტოვებული ჰქონდათ.
თორნიკე ბახტურიძე აცხადებს, რომ რიგი პროექტების მიმართ არანაირი ტექნიკურ-ეკონომიკური გათვლები არ იყო ჩატარებული. მისი შეფასებით, მსგავსი პროექტების გაუქმება ჯანსაღი პროცესია.
“სექტორში ჩართული არცერთი კომპანიისთვის მოულოდნელი არ ყოფილა ეს გადაწყვეტილება პროექტების გაუქმებასთან დაკავშირებით. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ პირდაპირი მოლაპარაკებების წესით და ასევე აუქციონების ჩათვლით, წარდგენილმა პროექტების ჯამურმა სიმძლავრემ ყველა წყაროდან 17 000 მეგავატი შეადგინა. ეს ცოტა არარეალური ციფრია. ისიც ცალსახა ფაქტია, რომ წარდგენილი პროექტების გარკვეული ნაწილი არანაირ შესწავლაზე არ იყო დაფუძნებული. გაუქმებულ პროექტებში არის ისეთი პროექტებიც, რომლებიც ზოგიერთ ინვესტორს თავადაც მიტოვებული ჰქონდა და შესაძლოა, მათ მიმართულიც ჰქონოდათ ეკონომიკის სამინისტროსთან გაუქმების მოთხოვნით. თუმცა ცალსახად უნდა ითქვას, რომ ეს არის გაჯანსაღების პროცესი და ჩვენ მხოლოდ მივესალმებით იმას, რომ პროექტები იქნეს შერჩეული უფრო მეტი სერიოზულობით და რაც შეირჩევა, მაქსიმალური მხარდაჭერა ჰქონდეთ ყველა ეტაპზე და მაქსიმალურად დაჩქარდეს მათი განვითარების პროცესები.
ცალსახად ეს [პროექტების გაუქმება] კიდევ მოსალოდნელია. მოლოდინი გვაქვს, რომ ასეთი გაუქმებების კიდევ ერთი ტალღა იქნება. [პროექტების] გაუქმების ძირითადი მიზეზი გახლავთ ის, რომ პროექტები არის მხოლოდ ჰიპოთეტურად ინიციირებული, ან მათ აქვთ რაიმე სახის ვადის გადაცდენა ან ტექნიკური ხარვეზი. ტექნიკური ხარვეზი ძირითადად დაკავშირებულია ქსელთან მიერთების უფლების არქონასთან”, - განაცხადა თორნიკე ბახტურიძემ.
ცნობისთვის, 1.7 გიგავატის სიმძლავრის ენერგეტიკული პროექტების შორისაა ჰესების, მზის და ქარის ელექტროსადგურები, რომლებიც ძირითადად წარდგენილი იყო პირდაპირი კონტრაქტების შეთანხმების პროგრამის ფარგლებში, თუმცა მათზე ოფიციალური საინვესტიციო შეთანხმება საბოლოოდ აღარ გაფორმებულა.




























