საქართველოს მთავრობის მიერ ავტომობილებზე განბაჟების ტარიფების ზრდის ფონზე საქართველოში მანქანების იმპორტ/ექსპორტი მკვეთრად მცირდება. საქსტატის მონაცემებით, წლის პირველ 4 თვეში იმპორტი წლიურად 23 პროცენტით, 925,8 მილიონ დოლარამდე შემცირდა.
აღნიშნულ პერიოდში ექსპორტზე გავიდა 537 მილიონი დოლარის ღირებულების 20,994 ავტომობილი, რაც წინა წელთან შედარებით 29%-ით, ანუ 217 მილიონი დოლარით ნაკლებია. კლების უმთავრესი მიზეზი ცენტრალური აზიის ბაზრებზე - ყირგიზეთში; ყაზახეთსა და აზერბაიჯანში ექსპორტის მკვეთრი შემცირებაა.
ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი რეექსპორტის კლებას ძირითადად აღნიშნული ბაზრების სტრუქტურის ცვლილებით და საქართველოზე დამოკიდებულების შემცირებით ხსნის.
“იმპორტ/ექსპორტში კლება საკანონმდებლო ცვლილებების მიღებამდეც გვქონდა. ეს განპირობებული იყო იმით, რომ ორი ძირითადი ქვეყნის - ყაზახეთის და ყირგიზეთის ავტობაზრის სტრუქტურა შეიცვალა.
ყოველთვის ვამბობდით და დღესაც ფაქტობრივად ფაქტის წინაშე დავდექით, რომ საქართველოს გარდა სხვა ალტერნატიული ბაზრებიც გააჩნია ყაზახეთს და ყირგიზეთს. იგივე ყაზახეთის მაგალითზე რომ ავიღოთ, პირველი სამი თვის მონაცემებით, ყაზახეთში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 477 მილიონი დოლარის ავტომობილები შევიდა. იგივე წინა წლის სამი თვის მონაცემები გვეუბნება, რომ წინა წელს ივაჭრეს 400 მილიონით. თუ წინა წელს გვეკავა ამ ბაზრის 36%, ახლა მონაცემები გვეუბნება, რომ განახევრდა ეს მაჩვენებელი და 18% გვიკავია.
მათ ერთის მხრივ სხვა ალტერნატიული ბაზრები გამონახეს. საკმაოდ აქტიურია ჩინეთი. თუ ჩინური ავტომობილების, პროცენტული წილი გაიზრდება ყაზახეთისა და ყირგიზეთის ავტობაზარზე, ბუნებრივია ჩვენი იმავე პროცენტული მაჩვენებლით შემცირდება. სწორედ ამ ტენდენციას ვაკვირდებით ახლა”,-აცხადებს ალექსი ნონიაძე.
აქციზის ზრდის ფონზე მიუხედავად იმპორტის გაძვირებისა, ქვეყნის შიგნით ავტომობილებზე ფასები ჯერჯერობით არ გაზრდილა და უახლოეს თვეებში მიწოდების ზრდასთან ერთად შიდა ბაზარზე ავტომობილებზე ფასების კლებაა მოსალოდნელი. სექტემბრიდან კი მოლოდინია, რომ ავტომობილები დეფიციტური გახდება და ფასიც მოიმატებს.
“როდესაც აქციზის გაზრდის შესახებ ცნობილი გახდა საზოგადოებისათვის და ძალიან მცირე დრო მიეცა ბიზნესს, დაახლოებით ერთი თვე, ამ ერთი თვის განმავლობაში ავტომობილების შესყიდვები გაორმაგდა, შესაბამისად ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანაში შემოვა დაახლოებით 30,000-დან 40,000-მდე ავტომობილი ერთდროულად. თუ ამ ბაზრის სტრუქტურას დავაკვირდებით და დაშვებას გავაკეთებთ, რომ ეს ავტომობილები შეძენილია უშუალოდ მყიდველის მიერ თავისი მოხმარებისათვის, დიდ გავლენას ეს ბაზარზე ვერ მოახდენს, მაგრამ თუ ეს გასაყიდად გამზადებული ავტომობილია და გასაყიდად შემოგვყავს (ვგულისხმობ დილერების ავტომანქანებს), მაგ შემთხვევაში ეს გამოიწვევს მიწოდების გაორმაგებას. მოთხოვნა არ იზრდება, პირიქით, ვხედავთ რომ მოთხოვნა არ იზრდება და ამ შემთხვევაში ეს გამოიწვევს ფასების კლებას.
საკმაოდ ცუდი პროგნოზი გვაქვს იმ კუთხით, რომ დარგში დასაქმებული ადამიანები კიდევ ამ არსებული ზარალის გარდა კიდევ უფრო მეტ ზარალს ნახავენ იქიდან გამომდინარე, რომ ფასები შემცირდება. შეიძლება თვითღირებულებაზე უფრო დაბალ ფასშიც მოუწიოთ გაყიდვა. ვიცით, რომ ყაზახები და ყირგიზები ისევ მძლავრად არიან წარმოდგენილი და ფაქტობრივად მონოპოლია უჭირავთ რეექსპორტის ბაზარზე და აი ამ პირობებში ავტომობილის გაყიდვა საკმაოდ გაჭირდება.
მოგვიწევს ფასების ალბათ დაკლება სადღაც 3-4 თვის განმავლობაში და ალბათ სექტემბრამდე ეს მდგომარეობა გვექნება. შემდეგ უკვე, რასაც ვპროგნოზირებდით, ის სიტუაცია დადგება, რომ პირიქით, დეფიციტური გახდება ავტომობილი და ფასების ზრდას ველოდებით”,-აცხადებს ნონიაძე.
ავტოიმპორტიორთა ასოციაცია მოელის, რომ დარგის რეალური მდგომარეობა და რეგულაციების ნეგატიური გავლენის მასშტაბები ციფრებში დაახლოებით ორ თვეში უფრო ნათლად გამოჩნდება.




























