მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ველოდებით, რომ წელსაც საკრედიტო აქტივობის ზრდის ტემპი 11%-ის ფარგლებში იქნება - ალეკო ძნელაძე

6414755702a4c
ელენე გოგბერაშვილი
17.03.23 18:09
689
საბანკო ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოში სავალუტო სესხები 3-4%-ით გაძვირდა. მიზეზი ამერიკის ფედერალური რეზერვისა და ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაა, რა ეფექტიც ქართულ ბაზარს ბოლო რამდენიმე თვეა გადმოეცემა. მაღალია საპროცენტო განაკვეთი ლარში სესხებზეც, თუმცა სავალუტო სესხებისგან განსხვავებით, მოლოდინია, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილებასთან ერთად მიმდინარე წელს ეროვნულ ვალუტაში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი დაიკლებს.

მაღალი საპროცენტო განაკვეთები სესხებზე, ამცირებს საკრედიტო აქტივობის ზრდის ტემპს. საბანკო ასოციაციის ინფორმაციით, ზრდა წელსაც გასული წლის მსგავსად სავარაუდოდ 11%-ის ფარგლებში იქნება. ასეთივე მოლოდინი აქვს საინვესტიციო ბანკ Galt &tagart-ს.

„მაღალი საპროცენტო განაკვეთები და ყველა ის შეზღუდვა, რომელიც დღემდე მოქმედებს და დიდი იმედი მაქვს, რომ წელს ვისაუბრებთ გარკვეული ნაწილის შემსუბუქებაზე, მაგალითად სამომხმარებლო სესხის ვადიანობასთან მიმართებაში, რეალურად აფერხებს იმ ზრდის ტემპის მაღალი მაჩვენებლების მიღწევას, რომელიც არის სასურველი და არის მზად საბანკო სექტორი მოემსახუროს.

2022 წლის განმავლობაში საკმაოდ დაბალი იყო ზრდის ტემპი, 11% იყო მთლიანობაში ვალუტის კურსის მერყეობის გამოკლებით. მეორე ნაწილია, რომ წელსაც პრაქტიკულად იგივე ჭრილში ველოდებით ზრდის ტემპს მიუხედავად იმისა, შემსუბუქდება თუ არა შეზღუდვების ის მცირე ნაწილი, რადგან საპროცენტო განაკვეთები ისევ მაღალ ნიშნულზე იქნება წელს“-აცხადებს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალეკო ძნელაძე.

„ჩვენი პროგნოზით, წელს მთლიანი საბანკო დაკრედიტება დაახლოებით 10-12%-ის ფარგლებში გაიზრდება. არც ისაა გამორიცხული, რომ ნაკლები იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ თუ ეროვნული ბანკი არ შეამცირებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს წელს, შესაძლოა ნაკლებიც იყოს საბანკო დაკრედიტების ზრდის ტემპი“,-აცხადებს ლაშა ქავთარაძე.

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის პროგნოზით, საკრედიტო აქტივობა მიმდინარე წლის განმავლობაში ნომინალური ეკონომიკური ზრდის თანაზომიერი იქნება.

„2023 წლის იანვარში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 13.3% შეადგინა, რაც, მნიშვნელოვანწილად, ბიზნეს სესხების ზრდით არის განპირობებული. გასული ორი წლის განმავლობაში, სესხების მშპ-თან ფარდობა მცირდება, რაც მაღალი ეკონომიკური ზრდისა და გაცვლითი კურსის გამყარების ეფექტს ასახავს. შედეგად, 2022 წლის მეოთხე კვარტალში სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა მის გრძელვადიან ტრენდს ჩამორჩება, თუმცა, აღსანიშნავია, რომ საქართველოში სესხების მშპ-თან ფარდობის არსებული დონე, მსგავსი ქვეყნების მაჩვენებლებთან შედარებით, საკმაოდ მაღალია. კომიტეტის შეფასებით, საკრედიტო აქტივობის არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ წელს პორტფელის ზრდა ნომინალური ეკონომიკური ზრდის თანაზომიერი იქნება“,-ნათქვამია 15 მარტს გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები